ახალი ამბებისამართალი

საია ბაგრატიას საქმეზე: სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კანონი დაარღვია

26 მარტი, 2018 • 2095
საია ბაგრატიას საქმეზე: სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კანონი დაარღვია

საიას ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დაარღვია საჯარი სამსახურის შესახებ კანონის მოთხოვნები, როდესაც გარემოს ეროვნული საგენტოს ხელმძღვანელ თამარ ბაგრატიას მოსთხოვა, რომ მოადგილედ თემურ მთივლიშვილი დაენიშნა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ 15 მარტს განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ, რის მიზეზადაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის მიერ ზეწოლა დაასახელა. მისი განცხადებით, ნინო თანდილაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ჯერ სთხოვა, ხოლო შემდეგ კატეგორიულად მოსთხოვა თემურ მთივლიშვილის დანიშვნა. მისივე ცნობით, თემურ მთივლიშვილი გარემოს დაცვისა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი იყო.

საია აცხადებს, რომ ნინო თინდილაშვილის  ქმედებებში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმების დარღვევისა და ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები იკვეთება.

“თამარ ბაგრატია განცხადებაში უთითებს, რომ მინისტრის მოადგილე სსიპ-ის მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული პირის დანიშვნას სთხოვდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 7 დეკემბერს შესული ცვლილებების მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად „ამ მუხლის პირველ−მე-6 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე სამინისტროებმა და მათ სისტემაში შემავალმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.“

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მუხლის რეგულირების ქვეშ არ ექცევა სსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის თანამდებობა მათი სამართლებრივი სტატუსისა და შერჩევის სპეციალური წესის გათვალისწინებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ-ის ხელმძღვანელი და მოადგილე არის სახელმწიფო მოსამსახურე და არა საჯარო მოსამსახურე. შესაბამისად, პროფესიული საჯარო მოხელის (აუდიტის სამსახურის უფროსის) გადაყვანა სახელმწიფო მოსამსახურის (სსიპ-ის მოადგილის) თანამდებობაზე არ შეიძლება მიჩნეული იყოს „შესაბამის თანამდებობაზე“ გადაყვანად, რაც მოცემულ შემთხვევაში კანონის ძირითადი მოთხოვნა იყო. გარდა ამისა, სსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის შერჩევა ხდება გამარტივებული კონკურსის წესით, რაც განსხვავდება პროფესიული საჯარო მოსამსახურის შერჩევის წესისგან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებებმა სსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის შერჩევისას იმოქმედონ კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური შერჩევის წესის საფუძველზე და ერთპიროვნულად და უკონკურსოდ არ დანიშნონ აღნიშნული თანამდებობის პირები.

აღნიშნული შემთხვევის ანალიზი ცხადყოფს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ქმედებებში იკვეთება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დარღვევა და ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, საჯარო სამსახურის ბიურო და საქართველოს პროკურატურა დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და სრულყოფილად გამოიკვლიონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ სსიპ-ში განვითარებული მოვლენები,”- აცხადებს საია.

19 მარტს ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ეს არ იყო საკონკურსო თანამდებობა და რეორგანიზაციის პროცესში მინისტრის მოადგილემ თამარ ბაგრატიას რეკომენდაციით მიმართა.

“ეს ადამიანი არ იყო ქუჩიდან მოსული, წლების განმავლობაში მუშაობდა აუდიტის ხელმძღვანელად, მათ შორის, სსიპ-ის აუდიტსაც ატარებდა, ამიტომ, საკმაოდ ჩახედული იყო ამ საკითხებში და ძალიან საინტერესოა, რატმ იყო ასეთი მკაცრი უარყოფა ამ ადამიანის დანიშვნასთან დაკავშრებით. ჩემთვის ეს ბადებს კითხვებს, ხომ არ არის ეს დაკავშირებული ამ ადამიანს წინა სამუშაოსთან, როდესაც ის აუდიტის სამსახურის დაპარტამენტის უფროსი იყო და იმ საქმიანობასთან, რომელიც დაკავშირებული იყო წინა სამ წელიწადთან,”- განაცხადა კახა კუჭავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი