ახალი ამბები

ჟურნალისტების ჯგუფი პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებას სთხოვს

26 მარტი, 2018 • 2029
ჟურნალისტების ჯგუფი პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებას სთხოვს

მედიის წარმომადგენლებმა დღეს პირველი არხის შენობასთან ბრიფინგი გამართეს. ჟურნალისტები საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ვიდეო-მემონტაჟის, მამუკა ბერძენიშვილის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ. პარლამენტს კი მოუწოდებენ დროულად მიიღოს ნარკოპოლიტიკის შესახებ მომზადებული კანონპროექტი. ბერძენიშვილს 2 გრამი კლუბური ნარკოტიკის (MDMA) ფლობისთვის, სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკა და შესაბამისი კანონები სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს. იმის ფონზე, რომ ადამიანები გაუპატიურებისთვის ციხეში 6-დან 8 წლამდე მიდიან, წამებისთვის 7-დან 10 წლამდე, მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე ხოლო ნარკოტიკების გავრცელებისთვის შეიძლება 6 წლთ დაისაჯონ, მცირე ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის ან პირადი მოხმარებისთვის 8 წლით პატიმრობის მისჯა სახელმწიფოს მხრიდან არაადამიანური ნაბიჯია” – ვკითხულობთ ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კანონში დოზირების განსაზღვრა, რათა ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა განსაკუთრებით დიდ ოდენობად არ ითვლებოდეს:

‘მიგვაჩნია, რომ მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, ხოლო პრობლემურ მომხმარებლებთან მიმართებით სახელმწიფოს პოლიტიკა არა რეპრესიული, არამედ ზრუნვაზე ორიენტირებული უნდა იყოს. სამწუხაროდ, კანონებში ცვლილებების პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და ადეკვატური კანონმდებლობის შემუშავება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება. ამ წუთისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია მოხდება თუ არა რაიმე ცვლილება ამ მიმართულებით” – ამბობენ ჟურნალისტები.

როგორც ბერძენიშვილის კოლეგები ამბობენ, მიმართვას მალე პეტიციის სახეს მისცემენ, სადაც  საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ყველა მსურველს შეეძლება.


28 წლის მამუკა ბერძენიშვილს 21 მარტს სასამართლომ  MDMA-ს ფლობისთვის (სსსკ-ის 260 მუხლი) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც “ნეტგაზეთს” დაკავებულის დამ და ადვოკატმა განუცხადეს, მამუკას პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა 2 გრამი კლუბური ნარკოტიკი, რაც არსებული კანონმდებლობით, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება.

შედარებისთვის, იმავე დღეს საქართვლეოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ორი პირის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ამ დრომდე მიიღებდა, მამუკას სასჯელის სახით საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებოდა.

როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, მამუკა ბერძენიშვილი  ვიდეომემონტაჟედ მუშაობდა. ის 3 წელია დაქორწინებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი