ახალი ამბები

მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლები ბრიფინგს გამართავენ

25 მარტი, 2018 •
მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლები ბრიფინგს გამართავენ

“ხვალ, დღის 12:00-ზე, პირველი არხის შენობასთან, მედიის წარმომადგენლების ბრიფინგი გაიმართება. სხვადასხვა ტელევიზიების და მედია საშუალებების წარმომადგენლები ვერთიანდებით ჩვენი კოლეგის, პირველი არხის ყოფილი მონტაჟის რეჟისორის, მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად, რომელსაც 2 გრამი კლუბური ნარკოტიკის შეძენა/შენახვა/პირადი მოხმარების ბრალდებით 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა”, – ამ ინფორმაციას სპორტული კომენტატორი და ბერძენიშვილის მეგობარი გიორგი ზურაბიშვილი ავრცელებს.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკა და შესაბამისი კანონები სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს. იმის ფონზე, რომ ადამაინები გაუპატიურებისთვის ციხეში 5-დან 7 წლამდე მიდიან, ხოლო ნარკოტიკების გავრცელებისთვის შეიძლება 6 წლით დაისაჯონ, მცირე ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის, ან პირადი მოხმარებითვის 8 წლით პატიმრობის შეფარდება, სახელწიფოს მხრიდან არაადამაინური და არაჰუმანური ნაბიჯია.

ვფიქრობთ, რომ აუცილებებლია კანონში დოზირებების განსაზღვრა, რათა ნებისმიერი დოზა განსაკუთრელად დიდ ოდენობად არ ითვლებოდეს. ასევე, მიგვაჩნია, რომ მოხმარებისთვის ადამაინები ციხეში არ უნდა მიდიოდენ და სახელმწიფოს პოლიტიკა ზრუნვაზე ორიენტირებული უნდა იყოს.

ხვალ, 12:00-ზე, პირდაპირ ეთერში წავიკითხავთ მიმართვას, რომელშიც პარლამენტს მოვუწოდებთ, რომ მათ იგრძნონ ელემენტარული პასუხისმგებლობა ადამიანების დანგრეული ცხოვრებების გამო და ერთხელ და სამუდამოდ, სასწრაფოდ შეიმუშავონ ადეკვატური კანონმდებლობა. მამუკა ბერძენიშვილი არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის არანაირ საფრთხეს და მისი ადგილი პენიტენციალურ სისტემაში ნამდვილად არ არის (8 წელი?!). კოლეგებო, ჟურნალისტებო, რეჟისორებო, პროდიუსერებო, კომენტატორებო, ოპერატორებო, მემონტაჟეებო, ტელევიზიების და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებო, მოგიწოდებთ დადგეთ ჩვენს გვერდით! ხვალ, 12:00-ზე ტელევიზიის შენობასთან! რაც მეტი ცნობადი სახე ვიქნებით, მით მეტი შანსია რომ მოგვისმინონ და ჩვენი აზრი გაითვალისწინონ! თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – აცხადებს გიორგი ზურაბიშვილი.


28 წლის მამუკა ბერძენიშვილს  სასამართლომ  MDMA-ს ფლობისთვის (სსსკ-ის 260 მუხლი) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც “ნეტგაზეთს” დაკავებულის დამ და ადვოკატმა განუცხადეს, მამუკას პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა 2 გრამი კლუბური ნარკოტიკი, რაც არსებული კანონმდებლობით, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება.

შედარებისთვის, გუშინ საქართვლეოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ორი პირის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ამ დრომდე მიიღებდა, მამუკას სასჯელის სახით საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებოდა.

როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, მამუკა ბერძენიშვილი  ვიდეომემონტაჟედ მუშაობდა. ის 3 წელია დაქორწინებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი