ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი საზმაუს ბორდის წევრად აირჩიეს

103 მომხრე, 8 წინააღმდეგი – ზაზა შათირიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად აირჩიეს. კენჭისყრა დღეს საქართველოს პარლამენტში შედგა.

შათირიშვილი კენჭისყრაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი. მმართველ გუნდს მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა ჰყავდა დასახელებული, თუმცა მათ შათირიშვილზე ნაკლები ხმები მიიღეს: ია მამალაძემ 74, ხოლო მალხაზ ასლამაზაშვილმა – 16.

ზაზა შათირიშვილის კონცეფცია

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციის ცალკეული ასპექტები

ჩემი აზრით, მაუწყებელი უნდა განვითარდეს კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით. ესაა სწორედ ის ფუნქცია, რომელსაც ვერც ერთი კერძო ტელევიზია ვერ უზრუნველყოფს, გამომდინარე თითოეული მათგანის კერძო ინტერესიდან.

ეს იმას ნიშნავს, რომ მაუწყებელი ვერ იქნება რეიტინგზე ისევე ერთმნიშვნელოვნად მიბმული, როგორც _ კერძო ტელევიზიები, მაგრამ, ცხადია, უნდა არსებობდეს საზოგადოებასთან კავშირისა და უკუკავშირის საგანგებო მექანიზმები.

რას ნიშნავს კულტურულ-საგანმანათლებლო ვექტორი?

არსებულ სიტუაციაში იმას, რომ მაუწყებელმა, გარკვეულწილად, უნდა შეითავსოს ის ფუნქციებიც, რომლებიც არატრანზიციული ქვეყნების შემთხვევაში საგანმანათლებლო ინსტიტუციებს აკისრიათ. ცხადია, გასათვალისწინებელია გზავნილის ფორმა – შესაბამისი ტიპის გადაცემები ვიზუალურად მიმზიდველი და საინტერესო უნდა იყოს.

მაყურებელს, საზოგადოდ, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდა მაყურებელს უნდა მიეცეს საშუალება, გაეცნოს მსოფლიო კულტურის მნიშვნელოვან მიღწევებს, საგანგებოდ კი _ კლასიკურ შედევრებს, როგორც კულტურული არტეფაქტების, ისე  სხვადასხვა ტიპის ნაწარმოებების სახით.

მაყურებლის “კულტურული ინფორმირება” უნდა ხდებოდეს როგორც დასავლური, ისე _ აღმოსავლური ცივილიზაციების სიღრმისეული გაცნობის მეშვეობით. საგანგებო გადაცემები უნდა მიეძღვნას კლასიკური კულტურის წარმოჩენასა და რეპრეზენტირებას. ცხადია, ეს გულისხმობს არა მხოლოდ დოკუმენტურ ფილმებს, არამედ ინტელექტუალურ თოქ-შოუებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ინტელექტუალურ თამაშებს. საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი გადაცემების იმპლემენტაციას, სადაც მოხდება სასწავლო სიტუაციების იმიტირება მიმზიდველ გარემოში. ასე რომ, როგორც ვხედავთ, მაუწყებლის ბორდმა უნდა შეიმუშაოს მთელი სისტემა, თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში ინოვაციური ტიპის გადაცემების პროვოცირებასა და დანერგვას.

ცხადია, კონცეფციაში ჩვენ ვერ შევეხებით ინოვაციური ფორმების საგანგებო არტიკულირების საკითხებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი მარკერები სრულიად საკმარისია, რომ წარმოვიდგინოთ, თუ რასთან გვექნება საქმე.

ცხადია, ჩვენ კარგად გვესმის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც აკისრია _ მიმდინარე მოვლენების შესახებ მაყურებლისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, გართობა, პოლიტიკური თოქ-შოუების მოწყობა და ა.შ. მაგრამ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ სწორედ იმ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება, რომელიც ოდენ საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანგებო სპეციფიკას წარმოადგენს.
კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც, გარკვეულწილად, ახლოსაა კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციასთან, მაგრამ მაინც საგანგებო მიდგომას მოითხოვს _ ესაა სახელოვნებო ვექტორი. აქაც საჭიროა ინოვაციური მიდგომა და, ამავე დროს, ორიენტაცია კლასიკურ ღირებულებებსა და მაგალითებზე, რადგანაც ყველაფერ დანარჩენს ახალგაზრდობა ისედაც იოლად და თავისით ეზიარება.
აქვე აუცილებლად უნდა შევნიშნო, რომ როცა ამ ყოველივეზე ვლაპარაკობ, ცხადია, ვგულისხმობ არა ოდენ ტრადიციულ ეკრანს, არამედ  ინტერენეტ-სივრცესაც, რომელიც დღეს არანაკლებ (თუ  უფრო მეტად არა!) მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთი ასპექტი, რასაც მინდა მკითხველის საგანგებო ყურადღება მივაპყრო _ ესაა სამუზეუმო ქრონოტოპოსების რეპრეზენტირება. სწორედ აქ გვაქვს დღეს ინოვაციების უკიდეგანო შესაძლებლობანი, გამომდინარე ახალი მედიალური ტექნოლოგიებიდან. ცხადია, აქ ვერ შევჩერდებით კერძო შინაარსებზე, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გლობალურ სამუზეუმო ქსელებთან მომავალი შესაძლო თანამშრომლობა ძალიან სერიოზულ პერსპექტივად მესახება.

ცხადია, ჩეს მიერ ჩამოთვლილი კერძო კონცეპტუალური ასპექტები ოდნავადაც ვერ ამოწურავს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციის რეალურ მატრიცას, მაგრამ ჩვენ შევეხეთ იმას, რის შესახებაც, ასე თუ ისე, გვაქვს გარკვეული წარმოდგენა და რისი იმპლემენტაციაც საშურ საქმედ მიგვაჩნია.

ევროპული საქართველოს წევრის, თამარ კაკაბაძის ინფორმაციით, 26 იანვარს შედგა შეხვედრა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, გენპროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ბიგვავა და GNCC-ის თავმჯდომარე კახა ბექაური ზაზა შათირიშვილის მაუწყებლის ბორდში გაყვანაზე მსჯელობდნენ.

“ფოტომასალა მაქვს, სადაც, ისინი ერთად სხედან, ესეც გადავიღე მხოლოდ იმიტომ, რომ მოვისმინე მათი საუბარი, რომ მათ ზაზა შათირიშვილი უნდა “გაქაჩონ” საზოგადოებრვი მაუწყებლოს ბორდში. საუბარი იყო ხელფასზე, საუბარი იყო იმაზე, რომ მისი კანდიდატურის წინააღმდეგი იქნება “ქართული ოცნების” ერთ დაჯგუფება – კალაძის ფრთა, ისინი საკუთარ თავს განიხილავდნენ, როგორც მეორე ფრთას, საუბრობდნენ, თვითონ ბორდში ვინ შეიძლება ყოფილიყო წინააღმდეგი, ვინ – მომხრე.

მაღლაფერიძე პირდაპირ იძახდა, რომ შათირა არის მათი გუნდის წევრი, ბექაური ასევე ჩართული იყო ამ საუბრებში. ის უფრო განიხილავდა, ბორდის წევრებიდან ვინ შეიძლება ყოფილიყო მომხრე, შანსებზე საუბრობდა. ბიგვავა იყო ჩუმად, რასაც შევესწარი, ხოლო ნაცვლიშვილი კალაძის დაჯგუფებაზე საუბრობდა,” – განაცხადა თამარ კაკაბაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნულ საკითხზე საუბარი”რუსთავი 2″-თან უარყო.“როგორ შეიძლება ვლობირებდე, თუნდაც მინდოდეს? შათირიშვილთან მე მაქვს ძალიან კარგი პოზიცია იმიტომ, რომ მგონია, ერთი გონიერი ადამიანია საქართველოში, მაგრამ კენჭს თუ იყრის და არ იყრის, ეს მისი გადასაწყვეტია,” – განაცხადა მაღლაფერიძემ.

კახა ბექაურმა კი “რუსთავი 2”-ს უთხრა, რომ მაღლაფერიძესა და სხვა პირებს ბოლო 1-2 თვის განმავლობაში, შესაძლოა, ბევრ საკითხზე შეხვდა, თუმცა, უარყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის კანდიდატებზე ისაუბრა.შეხვედრის ამსახველი ფოტოს გავრცელების შემდეგ ბექაურმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სიის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, ეს საკითხი უყურადღებოდ აღარ დატოვოს და კანდიდატების შესახებ მოსაზრება გაუზიაროს საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.ლაშა ნაცვლიშვილმა ღიად დაუჭირა მხარი შათირიშვილის კანდიდატურას.“თქვენ მხოლოდ რამდენიმე კვირის წინანდელ შეხვედრაზე თუ მივუთითებთ, იმის მერეც შევხვდი რამდენჯერმე… ძალიან ხშირად ვხვდები მეგობრებს და ახლა გინდათ, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ურთიერთობა დაუკავშიროთ პოლიტიკას? ყველა ადგილი, რაც კი საზოგადოებაში არსებობს, სადაც ზაზა იქნება ასარჩევი, ყველაფერს ვემხრობი და მხარს დავუჭერ,” – განაცხადა ლაშა ნაცვლიშილმა “რუსთავი 2-თან” საუბრისას. მაკო ბიგვავას კომენტარი არ გაუკეთებია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com