ზვიად დევდარიანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს. ამის შესახებ, შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან”. მისივე თქმით, უწყებამ ინტერნეტსივრცეში გაკეთებული განცხადებებში დანაშაულის ნიშნები დაინახა.
“სამწუხაროდ, შსს-თვის ამ ფაქტთან დაკავშირებით არავის მოუმართავს. ჩვენთან შეტყობინება, ან განცხადება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით არ შემოსულა, ჩვენ დავინტერესდით ამ ფაქტებით, შევისწავლეთ თითოეული განცხადება, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. ჩვენ დავინახეთ გარკვეული დანაშაულის ნიშნები და ფაქტობრივად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე განმარტებით, როდესაც მსხვერპლები და მით უმეტეს ქალები სექსუალური შევიწროვების ფაქტებზე საუბრობენ, შსს თავს ვალდებულად თვლის გამოძიება დაიწყოს.
“დავკითხავთ იმ ადამიანებს, მსხვერპლებს, რომლებმაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც შეიძლება ინფორმაციას ფლობდეს და შემდგომ უკვე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,”- აღნიშნა მან.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ის მოუწოდებს ყველას, ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
“მოვისმინე, რომ მსხვერპლები ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ, თუმცა მათ მოვუწოდებ რომ მაგალითი მისცენ სხვებს შესაძლო დანაშაულის მსხვერპლებს, მოვუწოდებ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, გამოძიების მხრიდან მათი დაბარების შემთხვევაში,”- დასძინა მან.
17 მარტს “ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. “ქალთა მოძრაობის” განცხადებას ზვიად დევდარიანმა განცხადებითვე უპასუხა, რომლის თანახმადაც, მან “საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა მოხსნა. დევდარიანი კანდიდატად სახალხო დამცველმა წარადგინა.
ზვიად დევდარიანმა პასუხში აღნიშნა, რომ მისი კანდიდატად დასახელების გამო მიზანმიმართულად დააშანტაჟეს.
“თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მე მზად ვარ სამართლებრივი გზებით გავაგრძელო დავა. ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის დაკავება და ჩემი აქტივიზმი ყოველთვის საერთო საქმის ინტერესებითაა ნაკარნახევი. იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ექსკლუზიურად აიპრესმა გაავრცელა.
“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები ამ ეტაპზე სამართლებრივად დადასტურებული არ არის, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა განცხადებაში ასახული შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ და ის კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ზვიად დევდარიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” აღმასრულებელი დირექტორი აღარ არის. შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციის გამგეობის სხდომაზე დღეს, 22 მარტს მიიღეს.