პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წარმომადეგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის ზრდა პოლიტიკურ პროცესებს გააუმჯობესებს და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს გაზრდის.
გიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებსაც ეხმაურება, რაც სავალდებულო გენდერული კვოტების ამოქმედებას გულისხმობს. მისი თქმით, ამ საკანონმდებლო ცვლილებებით ქალთა ჩართულობის ზრდა მოხდება.
“დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ განვითარებაში ქალთა სრულყოფილი და თანასწორი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. გენდერული თანასწორობის საკითხებზე კანონმდებლობის გაუმჯობესება და ქალთა შრომითი უფლებების გაზრდა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებაცაა”, – ამბობს კვირკაშვილი.
პრემიერის აზრით, “საარჩევნო კოდექსში” სავალდებულო გენდერული კვოტირების ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელზეც პარლამენტი ამჟამად მსჯელობს, ქალთა ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება.
გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, არსებულ საარჩევნო სისტემაში, თუ პროპორციული სიის 50%-ს ქალები დააკომპლექტებენ, მათი წარმომადგენლობა პარლამენტში მინიმუმ 25%-იანი იქნება.