ახალი ამბები

თვითმმართველობებმა აპრილიდან ხმაურის კონტროლის შსს-დან გადაბარება ვერ მოასწრეს – გოგიჩაიშვილი

22 მარტი, 2018 • 2185
თვითმმართველობებმა აპრილიდან ხმაურის კონტროლის შსს-დან გადაბარება ვერ მოასწრეს – გოგიჩაიშვილი

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილა.

2017 წლის 30 ივლისს საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომელსაც დაემატა ახალი 77¹ და 77² მუხლები და დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრა.

მომხსენებლის, პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, 2017 წლის 1 სექტემბრიდან კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქციას ასრულებდნენ შსს ორგანოები, 2018 წლის 1 აპრილიდან ეს პასუხისმგებლობა უნდა გადასცემოდათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ვერ მოასწრეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელება, რათა შსს დან გადმოებარებინათ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქცია.

“აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა დაკისრებული ფუნქციის გადაბარების ვადად 2018 წლის 1 აპრილიდან სამი თვით, 1 ივლისამდე გაზრდას მხარი დაუჭირა”, – აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.


15 აგვისტოდან ამოქმედდა ხმაურის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება მას, ვინც დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმას გადაამეტებს.

კანონის მიხედვით, დღის საათებად ითვლება 08.00-დან 23.00 საათამდე, ღამის საათებად – 23.00–დან 08.00 საათამდე.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლების, კერძო საკუთრების, უძრავი ქონების და საზოგადოებრივი დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე შემდეგი სახის სანქციები მოქმედებს:

  • პირველ ჯერზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს გააფრთხილებენ.
  • გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა- გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით.
  • დაჯარიმებული პირი თუ კიდევ ჩაიდენს ამგვარ სამართალდარღვევას, მაშინ მას დააჯარიმებენ 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირს  კი– 1000 ლარის ოდენობით.

სანქციები პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებაზე:

  • ღამის საათებში პიროტექნიკურ ნაკეთობათა გამოყენება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის- 500 ლარის ოდენობით.
  • სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 ლარის ოდენობით.
  • ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება 31 დეკემბრის 21 საათიდან 2 იანვრის 23 სთ-მდე, 13 იანვრის 21 სთ-დან 14 იანვრის 23 სთ-მდე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (9 აპრილი და 26 მაისი) სადღესასწაულო დღეებზე.

ხმაურის დასაშვები ნორმები დადგენილია „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი (საჯარო) შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი