ახალი ამბები

როგორ გამოიყენეს ფეისბუკის მილიონობით მომხმარებლის მონაცემი ტრამპის კამპანიისთვის

21 მარტი, 2018 • 3832
როგორ გამოიყენეს ფეისბუკის მილიონობით მომხმარებლის მონაცემი ტრამპის კამპანიისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სულ უფრო მწვავდება კრიზისი ფეისბუკის გარშემო – ირკვევა, რომ სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემი უკანონოდ გამოიყენეს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში ტრამპის სასარგებლოდ.

[blue_box]როგორ დაიწყო ყველაფერი[/blue_box]

რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის, Channel 4-მა  და The New York Time-მა ბირტანეთში რეგისტრირებულ ანალიტიკურ კომპანიას Cambridge Analytica-ს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენაში დასდო ბრალი. მედიასაშუალებების მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ზემოქმედებისთვის კომპანიამ ფეისბუკის მომხარებლების პერსონალური მონაცემები გამოიყენა. 

როგორც CNN წერს, ფეისბუკმა კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორს, ალექსანდრ კოგანს 2014 წელს უფლება მისცა, შეეგროვებინა სოციალური ქსელის იმ ასეულობით ათასი მომხმარებლის პერსონალური მონაცემი, რომლებიც კოგანის მიერ შექმნილ აპლიკაციას – “ეს არის შენი ციფრული ცხოვრება” – გამოიყენებდა. აღნიშნული აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობდა ე.წ. პიროვნების ტესტს, სანაცვლოდ კი მომხმარებლები თანხმდებოდნენ, რომ აპლიკაცია შეაგროვებდა მონაცემებს მათი ადგილსამყოფელის, მეგობრებისა და ფეისბუკზე მათი “მოწონებების” შესახებ. აღნიშნული ქმედება ფეისბუკის იმდროინდელი წესებით ნებადართული იყო. როგორც კოგანი ამბობს, აღნიშნული ტესტი მას ფეისბუკმომხმარებლების ონლაინ ქცევის შესასწავლად სჭირდებოდა. 

ალექსანდრ კოგანმა თავისი აპლიკაციის 270 ათასი ამერიკელი მომხარებლის მონაცემი პირდაპირ მოიპოვა. გარდა ამისა, მან შეაგროვა ამ მომხარებლების მეგობართა პერსონალური მონაცემები, რამაც, ჯამში, 50 მილიონ ადამიანს მიაღწია.

The New York Times-ის ინფორმაციით, კოგანმა აღნიშნულ ადამიანთა პერსონალური მონაცემები Cambridge Analytica-ს მიაწოდა (ამ კომპანიას კავშირი არ აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტთან).

იმ დროისთვის, ანუ 2015-6 წლებში, Cambridge Analytica დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისთვის მუშაობდა, ხოლო მომხმარებლების მონაცემების შეგროვებით მათ საშუალება მიეცათ, შეექმნათ მოქმედების ისეთი სტრატეგია, რომელიც გარკვეულწილად არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას იქონიებდა.

ფეისბუკმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბრიტანულმა კომპანიამ მათი მომხმარებლების მონაცემები 2015 წელს წაშალა, თუმცა, როგორც The New York Time-ს წერს, Cambridge Analytica-ს ამ მონაცემებზე წვდომა 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც ჰქონდა.

გამოცემის თანახმად, ფეისბუკის ისტორიაში ეს სკანდალი მომხმარებლების პირადი მონაცემების გაჟონვის ყველაზე დიდი შემთხვევაა. თავად Cambridge Analytica-ში The New York Time-ის ბრალდებებზე აცხადებენ, რომ მომხმარებლების მონაცემები 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში არ გამოუყენებიათ.

ფეისბუკის სკანდალის ირგვლივ დისკუსია კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც Channel 4-მა Cambridge Analytica-ს ამჟამინდელი მოქმედი ხელმძღვანელ ალექსანდრ ნიქსზე ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ის პოლიტიკოსებთან შესაძლო შეთანხმებასა და ქრთამზე საუბრობს. 

აღნიშნულ ვიდეოში ნიქსი საუბრობს იმ ხერხებზე, რომლითაც მას პოლიტიკოსის პიარკომპანიაში ჩარევა შეუძლია, მათ შორის, ე.წ. ფეიქ ნიუსების შექმნა, შემდეგ კი მომხმარებლის მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით იმ სეგმენტზე განაწილება, რომელსაც საკითხის მიმართ ყველაზე მაღალი სენსიტიურობა ექნება. ის ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთი მიდგომის შედეგია ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპმა არჩევნებში ჰილარი კლინტონს მოუგო.

“ჩვენ ჩავატარეთ ყველანაირი მიზნობრივი კვლევა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ციფრულ და სატელევიზიო კამპანიას, ხოლო [მომხმარებლის] მონაცემები ამ სტრატეგიისთვის ინფორმაციის წყარო იყო,” – აღნიშნავს ნიქსი ვიდეოში.

კომპანია Cambridge Analytica ამ ვიდეოს ფაბრიკაციას უწოდებს. მათი თქმით, ვიდეო ისეა დამონტაჟებული, “რომ საზიზღრად ამახინჯებს აღნიშნული საუბრების შინაარსს, თუ როგორ უძღვება კომპანია თავის საქმიანობას”.

[blue_box]როგორ იმართლებს თავს ალექსანდრ კოგანი[/blue_box]

32 წლის პროფესორი ალექსანდრ კოგანი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მას არ დაურღვევია ფეისბუქის წესები, როცა მომხარებელთა მონაცემები მოიპვა და გადასცა Cambridge Analytica-ს. კოგანის თქმით, კომპანიის თანამშრომელმა ქრისტოფერ ვაილმა ის დაარწმუნა, რომ ყველაფერი წესის მიხედვით, კანონიერად კეთდებოდა, რაც კოგანმა დაიჯერა. კოგანის თქმით, მისი მთავარი “დანაშაული” ის არის, რომ Cambridge Analytica-ს არ დაუსვა საკმარისი კითხვები. ქრისტოფერ ვაილი Cambridge Analytica-ს ყოფილი თანამშრომელია. სწორედ მან გაამჟღავნა მედიასთან ის სქემა, თუ როგორ ამუშავებდა საკონსულტაციო კომპანია ფეისბუმომხარებლების მონაცემებს და რა სქემით იყენებდა მას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის სასარგბელოდ. მისი თქმით, Cambridge Analytica ქმნიდა ტრამპის სასარგებლო ყალბ ამბებს და მათ იმ ფეისბუკმომხარებლებს აწვდიდა, რომლებიც შესაძლოა ყველაზე სენსიტიური ყოფილიყვნენ საკითხის მიმართ.

[blue_box]რას ამბობს ფეისბუკი[/blue_box]

ბრიტანელი და ამერიკელი კანონმდებლები ფეისბუკის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგისგან ითხოვენ პასუხის გაცემას, თუ როგორ მოხდა საკონსულტაციო კომპანიის ხელში მომხარებელთა პერსონალური მონაცემები და საერთოდ, როგორ არის დაცული ადამიანთა პერსონალური ინფორმაცია. შესაძლოა, ამ საკითხზე სასაუბროდ ცუკერბერგს კონგრესის წინაშე მოხსენებით წარდგომაც კი მოუწიოს. საკითხის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს ევროპარლამენტის პრეზიდენტიც.

ფეისბუკი, Cambridge Analytica-ს მსგავსად, ყველა ბრალდებას უარყოფს. კომპანიის თქმით, ალექსანდრ კოგანს არ ჰქონდა უფლება, აპლიკაციის საშუალებით მოპოვებული მილიონობით პერსონალური ინფორმაცია გადაეცა მესამე პირისთვის და აპლიკაციის მიღმა გამოეყენებინა. გარდა ამისა, ფეისბუკის თქმით, როდესაც კომპანიამ შეიტყო Cambridge Analytica-ს მიერ მომხმარებელთა მონაცემების მოპოვების შესახებ, მათგან ამ მონაცემების წაშლა მოითხოვა, რაც საკონსულტაციო კომპანიამ არ შეასრულა. საპირისპიროს ამტკიცებს Cambridge Analytica. მათი თქმით, აღნიშნული მონაცემები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე არ გამოუყენებიათ.

ფეისბუკის ისტორიაში უდიდესმა კრიზისმა უკვე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა კომპანიას – მისი ღირებულება 7 პროცენტით, 37 მილიარდით, შემცირდა. მომხდარს კი გამოიძიებენ როგორც ევროპაში, ისე – ამერიკის შეერთებულ შტატებში.

[blue_box]როგორ დავიცვათ თავი[/blue_box]

ფეისბუკზე გავრცელებული ისეთი ე.წ. ქვიზები როგორიცაა, “გაიგე შენი IQ”, “როგორია შენი პიროვნება” ან “რომელ ცნობილ მსახიობს ჰგავხარ”  ხშირ შემთხვევაში ჩვენს მონაცემებს იყენებენ. სწორედ ასეთივე ტესტი იყო  Cambridge Analytica მიერ შემუშავებული “ეს არის შენი ციფრული ცხოვრებაც”.

ასეთ “ქვიზებს” მონაცემების შეგროვების უფლება, ფეისბუკის წესების მიხედვით, აქვთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი მომხმარებელს ამის შესახებ არ აფრთხილებს.

  • იმისთვის კი , რომ თქვენი პირადი მონაცემები დაიცვათ, საკმარისია
    შეხვიდეთ ფეისბუკზე და გახსნათ “აპლიკაციების პარამეტრები” (App. Settings)
  • თითოეული აპლიკაციის ქვეშ მოცემულია წაშლის ან რედაქტირების ფუნქცია, რაც საშუალებას მოგცემთ ან საერთოდ წაშალოთ აპლიკაცია, ან შეუზღუდოთ მათ თქვენს მონაცემებამდე წვდომა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი