დღეს, 14:00 საათისთვის, ტელეკომპანია “ობიექტივის” გადამღებ ჯგუფსა და ცუცქირიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც ჟურნალისტი და ოპერატორი არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეტყობინების მიღებისთანავე, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ და საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ დაიწყეს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტი, 1994 წელს დაბადებული ნ.ლ. და ოპერატორი, 1993 წელს დაბადებული დ.მ. დაგეგმილი სიუჟეტისთვის ვიდეომასალას აგროვებდნენ, რისთვისაც ცუცქირიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის გადაღებას ახორციელებდნენ. გადამღებ ჯგუფს იმავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს მფლობელებთან, 1960 წელს დაბადებულ გ.ე-სთან და 1996 წელს დაბადებული ე.ე-სთან სიტყვიერი კონფილქტი მოუხდათ, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის „ობიექტივის“ თანამშრომლები სხეულის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტელეკომპანიის წამყვანის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, მათ თავის არეში აღენიშნებათ დაზიანებები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის, გ.ე-ს, ე.ე-სა და დ.მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.