ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ კი დღეს, 9 ოქტომბერს, მედიასთან შეხვედრის დროს სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის შეფერხების მიზეზებზე ისაუბრა:
“ზოგადად ნარკომანიასთან ბრძოლა, მისი მართვა, ისევ რჩება სახელწმიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. თუმცა რეაბილიტაციის ცენტრი არის ნარკომანიის მართვის 5 მთავარი კომპოტენტიდან ერთი და არა ერთადერთი. არ უნდა შეექმნას საზოგადოებას წარმოდგენა, რომ თუ რეაბილიტაციის ცენტრი ქვეყანაში არსებობს, ნარკომანიის თემა ამოწურულია მთლიანად ან ნაწილობრივ. ასე ნამდვილად არ არის. ნარკოლოგიის მართვაში არის ძალიან მწყობრი სტრატეგია, რომელიც მოიცავს გარკვეულ იერარქიულ მიდგომას. თქვენ იცით მასლოუს იერარქიის პრინციპი, როდესაც, სანამ ერთ ეტაპს არ დაასრულებ, იქამდე ვერ გადახვალ მეორეზე,”- განაცხადა მინისტრმა.
სერგეენკოს თქმით, რეაბილიტაციის ცენტრი სწორედ ამ იერარქიის დამაგვირგვინებელი ეტაპია.
“იმისათვის, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, კარგად უნდა იყოს მენეჯირებული პირველი 4 ეტაპი, როგორიცაა დეტოქსიკაცია, ჩანაცვლებითი თერაპია, სტაციონარი და ამბულატორია. ჩვენ ამ პროექტის შეფასებისას ვნახეთ უამრავი ღია კითხვა, რომელიც შეიძლება პოტენციურად საფრთხეებთან იყოს დაკავშირებული. მშენებლობა არ უნდა დაიწყოს ახლა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გამო. არსებული პროექტი არ იყო იდეალური და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გადავაკეთოთ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. პროექტების ეფექტურობის შეფასება სრულდება წლის ბოლოს. უნდა შეფასდეს პირველი 4 ფაქტორის ეფექტურობა, რაც დასრულდება წლის ბოლოს. პარალელურად მიმდინარეობს პროექტის ოპტიმიზაცია, იმიტომ, რომ არსებული პროექტი არ შეესაბამებოდა დასახულ ფუნქციას, ეს ძალიან სპეციფიკური პროექტია. არსებული იყო ალბათ უფრო სანატორიუმი, ვიდრე სარეაბილიტაციო ცენტრი.”
მინისტრი ამბობს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობაში ისევ ის თანხა, 18 მილიონი ლარი დაიხარჯება, თუმცა მისი გამოყოფა მაშინ მოხდება, როდესაც სხვა ეტაპები დასრულდება.
რაც შეეხება ინვესტირებას, მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სახელმწიფოს ახალი სტრატეგია აქვს.
“ჩვენ გვაქვს ახალი, საქართველოსთვის ინოვაციური მიდგომა, რომელიც მოიაზრებს სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის ფონდის ჩამოყალიბებას, როდესაც ინვესტიციებს და დანახარჯებს ინაწილებენ კერძო და სახელმწიფო კომპანიები. ასეთი პროექტები განხორციელდება ლისის ტბის, ყოფილი ონკოცენტრის შემთხვევაში, დიდი ალბათობით- რესპუბლიკური საავადმყოფოს და ბაზალეთის რეაბილიტაციის ცენტრის შემთხვევაში.”




