“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, დიმიტრი კოპალიანის მერობის პერიოდში, ქუთაისის მერიიდან 86 თანამშრომელი დაითხოვეს, ხოლო მერის 2 მოადგილე დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლით გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

“თუმცა, რეორგანიზაციიდან ძალიან მოკლე პერიოდში, მერიამ სხვადასხვა სამსახურში 96 ადამიანი დაასაქმა. რაც შეეხება ჩატარებული რეორგანიზაციის კანონიერებას, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლებულთა სარჩელები, სადაც ისინი თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდნენ, სრულად დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის მერიის საშტატო ერთეული კიდევ რამდენიმე ათეულით გაიზრდება”, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.
ამას გარდა, ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ (2013 წლის 13 სექტემბერი), ქუთაისის მერის მოვალეობის შესრულება დაეკისრა ვიცე-მერ კოტე ლომიძეს, რომელიც მოგვიანებით მეორე ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ ჩაანაცვლა.
“მიგვაჩნია, რომ ქალაქის მერის ხშირი ცვლილება, ასევე, შესაბამისი გამოცდილების არმქონე პირის მერის პოსტზე დანიშვნა აფერხებს ქალაქის განვითარებას და მერიის სამსახურების საქმიანობას, ასევე უარყოფითად აისახება მიმდინარე პროექტების განხორციელებაზე”, – აცხადებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობაში”.
ქუთაისში ახალი მერი კონკურსის საფუძველზე უნდა შეარჩიოს საკრებულომ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ქუთაისის საკრებულოს, გამჭვირვალე გახადოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობა, დააკომპლექტოს იგი შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე წევრებით, რათა სწორად იქნეს შერჩეული სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები ქალაქის მერის თანამდებობის დასაკავებლად.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქუთაისში 11 მერი გამოიცვალა.







