ახალი ამბები

პრემიერის მეგობრის ინვესტიცია ჯანდაცვაში

9 ოქტომბერი, 2013 •
პრემიერის მეგობრის ინვესტიცია ჯანდაცვაში

“ეს არის მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნა, ვინაიდან ამ სფეროსთვის დამატებითი რესურსები დაგვიჭრდა. გარდა ამისა, ინვესტიცია განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის სწორ დაგეგმარებაში. აქ იგულისხმება პოლიკლინიკები და სოფლის ამბულატორიები,”- ამბობს სერგეენკო.

 

მისივე განმარტებით, ინვესტიციის ოდენობა ცნობილი ჯერ არ არის.

 

“გამიჭირდება თანხის დასახელება. ჯერ მოხდება პროექტის დაგეგმვა და მერე უკვე – განფასება.”

 

მინისტრის დღევანდელი განცხადებითვე, დაგეგმილია ახალი, 81 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა. 

 

მაშკევიჩის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესახებ პირველი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს მიმდინარე წლის მარტში გააკეთა.

 

“მე უკვე მქონდა მოლაპარაკება ცნობილ ბიზნესმენთან, ჩემს მეგობართან, ჩემი ნაცნობია ძველი. იქნებ ფართო  მოხმარების წამლებზე მოვახერხოთ ფასის შემცირება. ძირითადი დასახელება რაც არის, მოვახერხოთ მკვეთრად ფასების დაწევა. რაც კიდევ უფრო გაუიოლებს მოსახლეობას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას.”

 

ივანიშვილმა ალექსანდრე მაშკევიჩთან შეხვედრის შესახებ თანაინვესტირების ფონდის დაფუძნებამდე ორი დღით ადრე, 2 ოქტომბერსაც ისაუბრა მედიასთან შეხვედრის დროს. 

 

“მაშკევიჩთან უზარმაზარი დრო დავხარჯე, ორი დღით ადრე აქ მყავდა ჩამოყვანილი და კონკრეტული პროექტი განვიხილეთ. ყველაზე საინტერესო ჯანდაცვაში, რაც ყველაზე მეტად წაადგება მოსახლეობას. ეს გამოჩნდება ცოტა გვიან… სწორ ფუნდამენტს ვყრით ჩვენ. როგორ გინდათ, თქვენ ჩარგოთ პატარა ნერგი და ტონობით მოსავალი მოგცეთ პირველივე დღეს. დაახლოებით ასეა ეკონომიკა”. 

 

ალექსანდრე მაშკევიჩს საქართველოში წარმომადგენელი არ ჰყავს და თანაინვესტირების ფონდის დაფუძნებამდე რამდენიმე დღით ადრე მილიარდერი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ალექსანდრე მაშკევიჩის მიერ ბიძინა ივანიშვილის ინიციტივით შექმნილ თანაინვესტირების კერძო ფონდში განთავსებული კაპიტალის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე კონფიდენციალურია.   

 

თანაინვესტირების კერძო ფონდის პრეზენტაცია 2013 წლის 30 სექტემბერს შედგა და მისი გაცხადებული კაპიტალი 6 მილიარდია. საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი ფინდში საერთო მოცულობის 15 პროცენტია.


ალექსანდრე მაშკევიჩი
ალექსანდრე მაშკევიჩი


რა ქონებას ფლობს ალექსანდრე მაშკევიჩი და მისი კავშირი საქართველოსთან


58 წლის ებრაელი მილიარდელი ალექსანდრე მაშკევიჩი  „ფორბსის“ სიაში  უმდიდრეს ისრაელის მოქალაქეებს შორის 3,7 მილიარდი დოლარის  კაპიტალით მე–6 ადგილზეა. მილიარდელი დაოჯახებულია და ორი შვილი ჰყავს. 

 

ალექსანდრე მაშკევიჩს საქართველოში ახლო ურთერთობა აქვს საქართველო–ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელ იციკ მოშესთან. 2009 წელს ალექსანდრე მაშკევიჩის კაპიტალით თბილსის უძველესი სინაგოგას აღდგენა მოხდა, რომელსაც მაშკევიჩის დედის საპატივცემულოდ „ბეით რახილი“ ეწოდა.  სინაგოგის გახსნას მილირდელი თავად დაესწრო. თბილისში ვიზიტისას  საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. სინაგოგის გახსნის ცერემონიალში სქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა.

 

რაც შეეხება ალექსანდრე მაშკევიჩის ბიზნესინტერესებს საქართველოში, მისი კაპიტალის მონაწილეობის შესახებ ადგილობრივ ბიზნესში და ბიძინა ივანიშვილთან საერთო ბიზნესის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

 

 ქართული „ფორბსის“ ინფორმაციით, 2004 წელს  წელს მაშკევიჩის  კომპანიამ სცადა ტენდერით მოეპოვებინა ზესტაფონის „ფეროს”, „ჭიათურმანგანუმისა” და ვარციხეჰესების კასკადის ერთიანი საპრივატიზებო პაკეტი, მაგრამ უშედეგოდ.

 

ალექსანნდრე მაშკევიჩი 1954 წელს ყირგიზეთში, ბიშკეკში დაიბადა. დედა, რახელ იოფე ცნობილი ადვოკატი, ხოლო მამა, ანტონ მაშკევიჩი ექიმი იყო. 1970 წელს ალექსანდრე მაშკევიჩმა ჩააბარა ყაზახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1981 წელს დაიცვა დისერტაცია.

 

1986 წლიდან მაშკევიჩმა დაიწყო ბიზნესი ყაზახეთში. 2000 წელს გახდა ევრაზიის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე. ამავე წელს მისი ინიციატივით შეიქმნა ებრაელების კონგრესი ყაზახეთში. ალექსანდრე მაშკევიჩი, ამავე დროს,  საქმინობს ევროპის და მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის აღმასრულებელ კომიტეტში.

 

2011 წელს მან დატოვა ებრაელთა ევროაზიუირი კონგრესის თავმჯდომარის თანამდებობა.  მაშკევიჩს ახლო ურთიერთობა აქვს ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან და ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან.

 

ალექსანდრე მაშკევიჩი სამთო–მეტალურგიულ იმპერიას Eurasian Natural Resouroes Corp-ს ფლობს. რომელიც მსოფლიო ბაზრის გლობალური მოთამაშეა. მაშკევიჩი ასევე ფლობს სოკოლოვსკო–სარბაისკის სამთო–გამამდიდრებელ კომბინატს, სადაც მოიპოვებენ რკინის მადანს და მისი რეალიზაცია რუსეთის ბაზარზე ხდება.


მასალების გადაბეჭდვის წესი