მისი თქმით, თუ ის გახდება პრეზიდენტი, საქართველოში მავთულხლართების პრობლემა აღარ იქნება.
“ამის გარანტიაა საქმის ცოდნა, კომპეტენტურობა, თავდადებულობა და გამბედაობა, რომელსაც მე გამოვიჩენ და გამოვიჩენ აუცილებლად, როცა პრეზიდენტი გავხდები. სამწუხაროდ, მე ხშირად ვახსენებ ამ სიტყვებს დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით და მე ეს არ მიხარია ნამდვილად, მაგრამ ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ, რომ სწორედ დღევანდელი ხელისუფლების გაუბედაობა და უსუსურობა არის იმისი საფუძველი, რომ 11 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა ისე დალაგება ურთიერთობებისა რუსეთთან, რომ საქართველოს დამატებითი საფრთხე არ შექმნოდა, და დღეს ჩვენი ადამიანების გულებზე, სახლებზე და ბოსტნებზე და ჩვენი სამშობლოს მიწაზე არ გადიოდეს ახალი, ე.წ საზღვარი,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში დღეს, 8 ოქტომბერს.
მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი, რაც ახალ ხელისუფლებას უნდა გაკეთებინა, ეს იყო რუსეთთან ფართომასშტაბიანი დიალოგის დაწყება.
“მე დავიწყებ ფართომასშტაბიან მოლაპარაკებებს რუსეთთან, მოვახერხებ იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გამოიკვეთოს ის თემები, რომლითაც რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით, სადაც საქართველოს და რუსეთის ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. ეს არის თუნდაც სტაბილურობა და მშვიდობა კავკასიაში. მე ვპირდები მოსახლეობას, რომ ჩემს ცოდნას, გამბედაობას, კავშირებს და კონტაქტებს ნამდვილად გამოვიყენებ იმისთვის, რომ ვაწარმოო პირდაპირ დიალოგი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან.
დღეს საქართველოსთვის, მიუხედავად ყველანაირი პოზიტიური განცხადებებისა ჩვენი მეგობრების მხრიდან, დღეს საქართველოსთვის ნატოს კარი ღია არ არის. დღეს საქართველო ნატოში ვერ შევა, მანამ, სანამ რუსეთის ჯარები ამ ადგილიდან 25 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. მე აუცილებელად გავიყვან ამ ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდან.”- განაცხადა ბურჯანაძემ.




