ახალი ამბები

საია მზადაა, სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს სამართლებრივად დაეხმაროს

17 მარტი, 2018 •
საია მზადაა, სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს სამართლებრივად დაეხმაროს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადაა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალების უფლებების დასაცავად. “გვსურს ყველა ქალს, რომელსაც სექსუალური შევიწროება განუცდია, გამოვუცხადოთ საჯარო მხარდაჭერა და გამოვთქვათ მზადყოფნა, გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი გზა მათი უფლებების დასაცავად,”-წერია საიას განცხადებაში.

დღეს, 17 მარტს სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატობიდან მოხსნა.

სახალხო დამცველმა აღნიშნული გადაწყვეტილება  “ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებული განცხადების, საპასუხოდ მიიღო. ომბუდსმენის განცხადების თანახმად, მისთვის ცნობილი არ იყო “ქალთა მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ტექსტში ასახული შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ:

“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები ამ ეტაპზე სამართლებრივად დადასტურებული არ არის, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. როგორც სახალხო დამცველმა კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი კრიტერიუმები კანდიდატის დამოუკიდებლობა, გამოცდილება, მოტივაცია და პროფესიული კვალიფიკაცია იყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დღესდღეობით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტული იყო. ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა განცხადებაში ასახული შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ და იგი კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი”- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებამდე, თავად ზვიად დევადარიანმაც გაავრცელა მიმართვა, სადაც კანდიდატურის მოხსნის შესახებაც თქვა. დევდარიანი ასევე უარყოფს მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს და ამბობს, რომ მისი კანდიდატად დასახელების გამო, მიზანმიმართულად დააშანტაჟეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი