“საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადისსამხედრო მოსამსახურეები, I კლასის რიგითი რომან არაქელოვი და სერჟანტი ომარ დარჩიძე დათხოვნაში იმყოფებოდნენ. ფეხით მოსიარულეებს ცხინვალის გზატკეცილზე ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე მათგანი გარდაიცვალა.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. არაქელოვი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლის ივლისიდან, დარჩიძე კი 2005წლის აპრილიდან ირიცხება. ისინი საკონტრაქტო სამსახურს გადიოდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახებს”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. მათივე ინფორმაციით, პირი, რომელიც ავტომანქანას მართავდა, შსს–ს თანამშრომელია, ის თვითონ ჩაბარდა პოლიციას და გამოძიება 276–ე მუხლით მიმდინარეობს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, “ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით- ვადით სამ წლამდე”





