„კომიტეტი უკვე დაინტერესდა. ძალიან მძიმე ფაქტია, განსაკუთრებით არასრულწლოვანზეა საუბარი. მე ჯერ მოვერიდები შემაჯამებელი განცხადებების გაკეთებას, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ძალიან დეტალურად და ზუსტად, რა მოხდა, რატომ მოხდა, რა ხდებოდა, რა უძღოდა წინ ამ ფაქტს და რამ განაპირობა. ვფიქრობ, ეს ერთი–ერთი საყურადღებო შემთხვევაა. ჩვენ ძალიან სწრაფად მივიღებთ ინფორმაციას დეტალურად და ყველაფერი როდესაც გაირკვევა, შეიძლება დასკვნის გეკეთება, თუ რა მოხდა სინამდვილეში.“
დეპუტატის თქმით, როგორც წესი, ასეთი შემთხვევები არ ხდება. მისივე განმარტებით, საჭიროა ყოველმხრივი გამოძიება:
„მინისტრმა თქვა, რომ თვითმკვლელობაა, მაგრამ ამის დადასტურების შემთხვევაშიც კი ამას აქვს მიზეზი და ეს დეტალურად უნდა გავარკვიოთ. თუ თვითმკვლელობა იყო, გასარკვევია, რატომ მოხდა. თუ ვინმეს აქვს ეჭვი, რომ ასე არ არის, ესეც უნდა გამოვიკვლიოთ. ბუნებრივია, რომ კითხვები ჩნდება და გამოძიებაა საჭირო, ძალიან ფაქიზი, დეტალური და ყოველმხრივი გამოძიება,“ – აღნიშნა ბესელიამ.
სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში, ქუთაისში, 16 წლის პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა სუიციდის ფაქტს. პატიმრის ოჯახის წევრები კი თვითმკვლელობას გამორიცხავენ.







