ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიები: პრემიერის განცხადება საზიანო საგარეო პოლიტიკის მორიგი გამოვლინებაა

15 მარტი, 2018 • 1412
ოპოზიციური პარტიები: პრემიერის განცხადება საზიანო საგარეო პოლიტიკის მორიგი გამოვლინებაა

ოპოზიციური პარტიების ნაწილი საქართველოს მთავრობისგან მათი მონაწილეობით სპეციალური ფორმატის შექმნას ითხოვს, რომლის ფარგლებშიც, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ და მის შემდეგ სახელმწიფო წარმომადგენლების მოსმენა დახურულ ან ღია ფორმატში მოხდება. ამის შესახებ პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

გარდა ამისა, ოპოზიცია მოითხოვს:

“მარტის თვის განმავლობაში პრემიერ- მინისტრი მოვიდეს პარლამენტში დეოკუპაციის პოლიტიკაზე და რუსეთთან ურთიერთობებზე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად; დროულად მიიღოს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის შესახებ; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინაციაში გააძლიეროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფების აქტიურობა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადება საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას მნიშვნელოვნად ასუსტებს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში:

“ეს განცხადება არის ქართული ოცნების და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, საზიანო საგარეო პოლიტიკის მორიგი გამოვლინება. სხვა სახიფათო გზავნილთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ განცხადებაში მზაობას აცხადებს, პირდაპირი დიალოგი აწარმოოს აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებათან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას, რომ ერთადერთ მხარედ არსებულ კონფლიქტში აღიარებულ იქნას რუსეთის ფედერაცია,”- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო წლების მანძილზე საქართველოში მნიშვნლოვნად მომძლავრდა რუსული პროპაგანდის გავლენა, რომელიც მიზნად ისახავს ფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ლეგიტიმაციას 2008 წლის აგვისტოს ომში ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებით.

“განსაკუთრებით შემაშფოთებელია ასეთი ტიპის განცხადება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან”- აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ :” ახალი მემარჯვენეები” ; “ახალი საქართველო”; “ევროპული დემოკრატები”; “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”; “თავისუფალი დემოკრატები”; “თავისუფლება”;  “ლეიბორისტული პარტია”; “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”; “რესპულიკური პარტია”;
“სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი