ახალი ამბები

არასამთავრობოები: რუსეთის მხრიდან ქართველების შევიწროების პროცესი გრძელდება

7 ოქტომბერი, 2013 • 1114
არასამთავრობოები: რუსეთის მხრიდან ქართველების შევიწროების პროცესი გრძელდება

“უკანასკნელი კვირების განმავლობაში სოფლებში დიცსა და დვანში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი უაღრესად აღმაშფოთებელი და საშიში პროცესია. ეს კიდევ უფრო ფეთქებად საშიშს ხდის ისედაც დაძაბულ ვითარებას კონფლიქტის ზონებში. ცალკე უნდა აღინიშნოს უკანონი ქმედების შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა, რომლებიც უკვე წლების განმავლობაში ცხოვრობენ ღია კონფლიქტსა თუ დაძაბულობაში. ახალი ვითარების პირობებში კი სოფლის მცხოვრებლებს დამატებითი საყოფაცხოვრებო თუ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ექმნებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარი სახლების, ნარგავებისა და საფლავების ე.წ. საზღვარს მიღმა დატოვება უწევთ.”


ორგანიზაციები მიიჩნევენ, რუსეთი არ ცემს პატივს მის მიერ ოკუპირებული საქართველოს მცდელობას, აღადგინოს ჰუმანიტარული, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა მეზობელთან.

ვილნიუსის სამიტის წინ, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ანექსიისა და ეთნიკური ნიშნით ქართველების შევიწროვების გაგრძელებული პროცესი იმის დასტურია, რომ რუსეთი ცდილობს გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე.

“საპრეზიდენტო არჩევნების წინ ანექსიისა და ეთნიკური ნიშნით ქართველების შევიწროვების გაგრძელებული პროცესი კი იმის დასტურია, რომ რუსეთი ცდილობს გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს საქართველოს საშინაო პოლიტიკის ფორმირებაზე.”

არსებულ რეალობაში, ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად მიაჩნია სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ძალისხმევის გამოჩენა და ყველა პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირება:

1. საქართველოს სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს მშვიდობიანი და მხოლოდ დიპლომატიური ინსტრუმენტები უნდა დაუპირისპირდეს რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევის უხეშ გამოვლინებებს;

 

2. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების არსებული რეალობა, ვფიქრობთ, სხვადასხვა პოლიტიკური ხედვების, ექსპერტიზისა და გამოცდილების მქონე საქართველოს დიპლომატებისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტების ცოდნისა და შესაძლებლობების კონსოლიდაციის განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოშობს. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება ამ ტიპის ფორუმის პრემიერ-მინისტრთან ორგანიზება;


3. მნიშვნელოვანია საგარე პოლიტიკის გააქტიურება, რათა ყველა საერთაშორისო ფორუმსა და ორმხრივ შეხვედრებში რუსეთთან საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები კვლავ აყენებდნენ საქართველოს ოკუპაციის საკითხს და გრძელდებოდეს რუსეთის პერმანენტული წნეხი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით;

4. მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის პრაგმატული და თანმიმდევრული წარმოება. საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესების პოლიტიკის გაცხადების, შესაბამისი ფორმატის შექმნის და დღის წესრიგის ფორმირების შემდგომ განახლებულმა ოკუპაციის პროცესმა საქართველოს მთავრობას უნდა მიაღებინოს საპასუხო განცხადებების გაკეთების გადაწყვეტილება და ითქვას, რომ:

 

5. შეუძლებელი იქნება სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობა;

6. შეუძლებელი იქნება მსხვილი ეკონომიკური პროექტები განხილვა, მათ შორის რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნაზე საუბარი;
და სხვა.

7. უნდა შეწყდეს საბაჟო კავშირსა და ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკური შეტყობინებების გაგზავნა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომელიც, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით, აღიქმება არა როგორც „პოლიტიკური ვაჭრობის“ ინსტრუმენტი, არამედ სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფა.

8. მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იქნას გაწეული საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა შეიქმნას ე.წ. საზღვრის სრულ პერიმეტრზე, კონფლიქტის ზონაში, ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა: სასმელი და სარწყავი ინფრასტრუქტურა, სოციალური და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზება და სხვა.

 

9. მთავრობის მიერ განხილული იქნას კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების საკითხი, რომელმაც უნდა მოახდინოს მათი სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა საჭიროებების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტის ზონების საქართველოს მოქალაქეებისგან დაცლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი