ახალი ამბები

სახალხო დამცველი: ეკომიგრანტები ვერ სარგებლობენ სათიბით, რომელსაც საპატრიარქო ფლობს

7 ოქტომბერი, 2013 •
სახალხო დამცველი: ეკომიგრანტები ვერ სარგებლობენ სათიბით, რომელსაც საპატრიარქო ფლობს

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ადგილზე გაეცნენ შექმნილ მდგომარეობას, რომლის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოფელში მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობაა. თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით კი მიმდინარე წელს, მოსახლეობას არ აძლევენ მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლებას, რადგან სათიბი ტერიტორია არის საპატრიარქოს საკუთრებაში.

“2013 წლის 17 ივლისს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, თუმცა კონკრეტული, ქმედითი ღონისძიებები ამ დრომდე არ განხორციელებულა. არ არსებობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტებისათვის გარანტირებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმები.

ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული ტერიტორიებზე საქართველოს საპატრიარქოს საკუთრების უფლება არის კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული და ხელშეუვალი უფლება, სახალხო დამცველმა თავისი რეკომენდაციაში მოიხოვა:

1. საქართველოს მთავრობამ შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში მიიღოს ზომები, რათა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში მცხოვრები, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა (ეკომიგრანტებმა) მიიღონ ამავე ტერიტორიაზე არსებული სათიბი და საძოვარი ფართობით სარგებლობის კანონიერი უფლება ან/და გამოინახოს ამ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული საშუალებები. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილი იყოს ეკომიგრანტთა ჩართულობა და მონაწილეობა, მათი უფლებების მაქსიმალურად დაცვის მიზნით;

2. მიიღოს ზომები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის (ეკომიგრანტებისთვის) სათანადო საცხოვრისის გამოყოფისა და აღნიშნულ პირთა სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი