ახალი ამბები

მთავრობა: დღეიდან ყურადღებით დავაკვირდებით სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს

7 ოქტომბერი, 2013 •
მთავრობა: დღეიდან ყურადღებით დავაკვირდებით სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს

“ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ფონზე სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ოლიმპიური გუნდის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკიდურესად რთული მისაღები იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გამოხატა კეთილი ნება და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თანმიმდევრული მოწესრიგების მნიშვნელობიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება მონაწილეობა მიიღოს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე. 

 

ვთვლიდით და ახლაც ვთვლით, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობისაა. ამ რთულ გზაზე კი, აუცილებელია ურთიერთობის ისეთი სფეროების გამოკვეთა, რომლებიც ნაკლებად წინააღმდეგობრივია, და ასევე ნაკლებად უკავშირდება საქართველო-რუსეთის ძირითად პრობლემებს. ასეთებად ჩვენ მივიჩნევთ კულტურას, სპორტს, ვაჭრობასა და ტურიზმს. 

 

სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საქართველოს კეთილი ნება ჯერ კიდევ ვერ ან არ არის სათანადოდ შეფასებული, და შეიმჩნევა საპირისპირო ტენდენციები. მაშინ, როდესაც ჩვენი სურვილია ოლიმპიური თამაშების დეპოლიტიზაცია და მონაწილეობის მიღება ჯანსაღ სპორტულ შეჯიბრებაში, რადგან ოლიმპიური იდეა სწორედ მშვიდობასა და თანამშრომლობას ემსახურება, მეორე მხარე სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობს გამოყენებას. 

 

სხვა ვერაფრით აიხსნება, მაგალითად, ის რომ ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ რუსეთმა შეარჩია “2008 წლის აგვისტოს ომის გმირი მფრინავი”. ცხადია, ყველა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა თავად აირჩიოს გმირები, მაგრამ ასევე ცხადია, რომ მეზობელ სახელწმიფოებთან ურთიერთობის მოწესრიგების მსურველი ქვეყანა ასე გამომწვევად არ მოიქცევა.”

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი