ახალი ამბებიხელოვნება

თანდოიანცის ეკლესიის დავაში მოსამართლემ მესამე პირად ქონების ეროვნული სააგენტო ჩართო

14 მარტი, 2018 • 2377
თანდოიანცის ეკლესიის დავაში მოსამართლემ მესამე პირად ქონების ეროვნული სააგენტო ჩართო

თანდოიანცის ეკლესიის საქმეზე დავაში სასამართლომ მესამე პირად ქონების ეროვნული სააგენტო ჩართო. ამის გამო წინამოსამზადებელი სხდომა 1 მაისამდე გადაიდო.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ინტერესების დამცველმა, TDI–ის იურისტმა გვანცა ლომაიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ქონების ეროვნული სააგენტოს მესამე პირად ჩართვა საჯარო რეესტრმა მოითხოვა. პირველი მოსამზადებელი სხდომა 13 მარტს გაიმართა.

აღნიშნულ პროცესზე სომეხთა სამოქციულო ეკლესია საჯარო რეესტრს ედავება, რადგან 2017 წლის აპრილში მან ისე დაურეგისტრირა სომხური ეკლესია საპატრიარქოს, რომ არ შეუსწავლია ეკლესიის ისტორიული მეპატრონე.

რაც შეეხება ქონების ეროვნულ სააგენტოს, თანდოიანცის ეკლესია მის ბალანსზე ირიცხებოდა. პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა თხოვნით, რომ მათთვის გადაეცა ეს ეკლესია. ქონების ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა მისი უფლების რეგისტრაცია ეკლესიაზე, რამაც საპატრიარქოს თანდოიანცის ეკლესიის გადაფორმების საშუალება მისცა.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია აცხადებს, რომ აღმაშენებლის გამზირის #38–ში მდებარე ეკლესია 1866 წელს საჰაკ თანდოიანცის ოჯახმა ააშენა. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სომხურ თემს ჩამოერთვა და კინოთეატრად გადაიქცა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი ეკლესია უფუნქციოდ დარჩა.

საპატრიარქო არ დავობს, რომ ეს ეკლესია სომხურია, თუმცა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თანდოიანცის ეკლესია ქართული ეკლესიის საძირკველზეა აშენებული. საპატრიარქო აცხადებს, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ძველი ეკლესიის ნაშთები და ქართულენოვანი საფლავის ქვები.

ეკლესია ამჟამად დაზიანებულია. საპატრიაროს სურს, ეკლესია ისე აღადგინოს, რომ თავდაპირველი იერსახე შეუცვალოს. თუმცა ამისთვის კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვა დასჭირდება, რაც ჯერ არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი