ახალი ამბები

ივანიშვილი: მიჭირხვნა ძველი ქართული სიტყვაა და მე ხშირად ვხმარობ

4 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: მიჭირხვნა ძველი ქართული სიტყვაა და მე ხშირად ვხმარობ

“მიჯირყვნა არ მითქვამს, მიჭირხვნა ვთქვი მე, ეს არის რაღაცის დაწოლა, მიჭირხვნა ძველი ქართული სიტყვაა, ძალიან ნორმალურია, ეს აბსოლუტურად ქართული სიტყვაა, შეიძლება ასე გაისმა. მიჭირხვნას მე ხშირად ვხმარობ სიტყვას და ეს ლიტერატურული სიტყვაა და ეს არ არის შეურაცხმყოფელი. ცუდია, რომ ჟურნალისტებმა ეს ვერ გაიგეს, მათ კარგად უნდა იცოდნენ ქართული ენა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.


3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა:


“ეს არის 9-წლიანი მმართველობის გადმონაშთი და ხელოვნურად ინსპირირებული. ხელოვნურად ხდებოდა ამის მიჩქმალვა და მიჯირყვნა”.


დღეს პრემიერი აზუსტებს, რომ მან გამოიყენა სიტყვა მიჭირხვნა და არა მიჯირყვნა და ამის გამო პრეტენზია აქვს ჟურნალისტებთან, რომლებმაც ვერ გაუგეს.


უნივერსალურ ენციკლოპედიურ ლექსიკონში განმარტებულია სიტყვა “ჭირხნა”, როგორც – წნევით, დაწოლით გადაადგილება და გარკვეულ სივრცეში მოგროვება (სითხისა, აირისა).

 

“საუბედუროდ, მე არა მაქვს პრეტენზია, რომ დახვეწილად ვფლობ რომელიმე ენას და პირველ რიგში, ქართულ ენას, სხვა ენები კიდევ უფრო უარეს დღეში მაქვს, მაგრამ ძალიან განვიცდი ამას და საზოგადოება მინდა რომ გაგებით მოეკიდოს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი