ახალი ამბები

სოზარ სუბარის განმარტებები ახალაიას საკანში გაკეთებული ჩანაწერის თაობაზე

4 ოქტომბერი, 2013 • 1155
სოზარ სუბარის განმარტებები ახალაიას საკანში გაკეთებული ჩანაწერის თაობაზე

“ბაჩო ახალაია აცხადებდა, რომ მას ემუქრება ლიკვიდაცია, შესაბამისად, ის იქნა გაფრთხილებული, რომ მასზე განხორციელდებოდა თვალთვალი, ეს არის როგორც ვიზუალური, ისე ელექტრონული- ვიზუალური ნიშნავს, როდესაც ადამიანი საკუთარი თვალით აკვირდება, ელექტრონული ნიშნავს შესაბამისი მოწყობილობებით თვალთვალს. მას ჰქონდა უფლება და საშუალება, თუ ვინმესთან უნდოდა თვალთვალის გარეშე საუბარი, გასულიყო ოთახიდან ადვოკატებთან შეხვედრის ოთახში ან სხვა ოთახში. ამას როდის იყენებდა და როდის არ იყენებდა, ეს მისი გადასაყვეტი იყო, ამას ჩვენ არ ვაკონტროლებდით. ამ დაწესებულებაში იყო ცალკე ოთახიც, მის საკანთან მთელი დერეფანი იყო დაცარიელებული, დერეფნის გარდა კი საკნის გვერდით ორი ოთახი იყო ცარიელი”, – აცხადებს სუბარი.

მინისტრის განცხადებით, არსებობს დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება და არსებობს ახალაიას ხელმოწერილი გაფრთხილების დოკუმენტი, რომელიც უმოკლეს ვადაში, შესაძლოა დღესვე გადაეცეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელმაც ამ საკითხის შესწავლა დაიწყო.

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

რაც შეეხება საკითხს, იყვნენ თუ არა ახალაიასთან შესული მონიტორინგის ჯგუფის წევრები ინფორმირებული ჩაწერის თაობაზე, სუბარი აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს:

“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, აფრთხილებდნენ თუ არა მათ ყოველი შესვლის წინ, ახლა გამოძიება დაწყებულია და ის დაადგენს, თუ რამე ისე არ იყო ამ საკითხზე. ვიმეორებ, რომ მას ჰქონდა უფლება ყოველი შეხვედრის დროს ესარგებლა იმ ოთახით, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი თვალთვალისგან”, – აცხადებს სუბარი.

მინისტრის თქმით, პროკურატურა შეისწავლის იმ საკითხსაც, როგორ გასაჯაროვდა მასალა:

“ის, რომ ეს მასალა იწერება, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გავრცელდეს, ეს მასალა ინახება და ავტომატურად იშლება გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ და ვიღაცამ თუ მოახერხა და იმის ნაცვლად, რომ წაშლილიყო, შეინახა, გაიტანა და გაავრცელა, ეს არის კონფიდენციალობის დარღვევაც, კანონის დარღვევაც და პროკურატურა იმსჯელებს ამ საკითხზე, მე არ მაქვს ვერსია, ვის შეიძლებოდა ეს ეთქვა” , – აცხადებს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი