ახალი ამბები

მაურინიო RT-სთან 5-დღიან თანამშრომლობაში მილიონ ფუნტს მიიღებს – BBC

14 მარტი, 2018 • 2104
მაურინიო RT-სთან 5-დღიან თანამშრომლობაში მილიონ ფუნტს მიიღებს – BBC

საფეხბურთო მწვრთნელი ჟოზე მაურინიო რუსეთში, პროსახელისუფლებო არხზე მუშაობაში სულ მცირე ერთ მილიონ ფუნტს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, ზაფხულში, 5 დღის განმავლობაში, RT-ზე მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი მოწვეული ექსპერტის პოზიციაზე მსოფლიო ჩემპიონატის  მიმდინარეობას გააშუქებს.

მაურინიოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ბრიტანეთში. როგორც ბრიტანელი დეპუტატი, კრის ბრაიანტი ამბობს, RT-ზე მუშაობით, რომლის უკანაც რუსეთის მთავრობა დგას, მაურინიო “სისხლიან ფულს” მიიღებს:

“ჩემთვის ეს სისხლიანი ფულია, პირდაპირ რუსეთის ხელისუფლებიდან” – ამბობს ბრიტანეთის პარლამენტის ლეიბორისტი დეპუტატი. კრის ბრაიანტი ადრეც მიიჩნევდა, რომ არხი პროპაგანდისტული იყო და დიდ ბრიტანეთში მის აკრძალვას ითხოვდა.

მაურინიოს კრიტიკა ბრიტანეთში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც გაამძაფრა.

7 მარტს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბურიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკრიპალი შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად ქუჩაში უგუნო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში არიან. სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ, რომ ისინი უცნობი ნივთიერებით მოწამლეს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მომხდარის უკან, დიდი ალბათობით, რუსეთის ხელისუფლება დგას.

ჟოზე მაურინიო რუსულ არხთან კავშირის შესახებ კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი