ახალი ამბები

უსმენდნენ თუ არა ახალაიას უკანონოდ?

4 ოქტომბერი, 2013 •
უსმენდნენ თუ არა ახალაიას უკანონოდ?

ეკა ფოფხაძე განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს განახორციელოს აუდიო–ვიზუალური კონტროლი, თუმცა ეს უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს. ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს დანაშაულის გახსნა, დანაშაულის პრევენცია, ან პატიმრის მოქცევაზე დაკვირვება, რაც აუცილებელია გარკვეული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

მისივე თქმით, ადმინისტრაცია ვალდებულია პატიმრის ინფორმირება მოახდინოს, თუ ზედამხედველობის რა საშუალებებს გამოიყენებს- აუდიოკონტროლი განხორციელდება, თუ ვიდეოკონტროლი:

“კანონი გამონაკლის შემთხვევებსაც ითვალისწინებს, როცა შეიძლება არ მოხდეს პატიმრის ინფორმირება. ეს აღნიშნულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევები, მაგრამ ჩვენ როგორც ვიცით, პატიმრის ინფორმირებულობა იყო. თუმცა ის ინფორმირებული იყო ვიდეოკონტროლთან დაკავშირებით და არა აუდიოკონტროლთან დაკავშირებით, განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ვიდეოკონტროლს ახორციელებ, ასეთ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ვიზუალური დაკვირვება ხდებოდეს, მაგრამ აუდიოკონტროლის დროს ხმაც მოსმენადია და ეს პრობლემაა, როცა საუბარია ადვოკატთან შეხვედრაზე პატიმართან, ან მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლის შეხვედრაზე პატიმართან, რაც კონფიდენციალურია და აუცილებლად უნდა იყოს დაცული”.

ეკა ფოფხაძის განმარტებით, თუკი თვალთვალი ხორციელდებოდა ბაჩო ახალაიას უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე, რაც არის ლეგიტიმური მიზანი, სამინისტრომ უნდა გასცეს დასაბუთებული პასუხი, რატომ არ იყო საკმარისი მხოლოდ ვიდეოკონტროლი და რატომ გახდა აუცილებელი აუდიოკონტროლი:

“ამაზე პასუხი დეპარტამენტმა აუცილებლად უნდა გასცეს, ხოლო თუ აუდიოკონტროლი აუცილებელი იყო და ამას დაასაბუთებენ, მაშინ საინტერესოა, რატომ არ იყო ამის თაობაზე პატიმარი ინფორმირებული და კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელი გარემოება არსებობდა, რომ ასეთი ინფორმაცია მისთვის არ მიეწოდებინათ”, – აცხადებს ფოფხაძე.

მისივე განცხადებით, ნებისმიერი სახის ჩაწერასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებული მონიტორინგის წევრებიც.

რაც შეეხება სამინისტროს არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ახალაიას ცალკე ოთახის გამოყენება შეეძლო, ფოფხაძე აცხადებს, რომ ეს არგუმენტი გაუგებარია:

“ახალაიას ეგონა, რომ მასზე მხოლოდ ვიდეოკონტროლი იყო, ის ცალკე ოთახს არ მოითხოვდა, ის იყო დარწმუნებული, რომ მისი ხმა არ იწერებოდა, ვიზუალურ კონტროლზე ის თანახმა იყო, ხოლო მონიტორები არ მოითხოვდნენ ცალკე ოთახს, რადგან ისინიც არ იყვნენ ინფორმირებული, რომ ჩაწერა მიდიოდა”, – აცხადებს ფოფხაძე.

 

ახალაიას ადვოკატების თანახმად, მას ხელი ჰქონდა მოწერილი ვიდეოკონტროლზე, ხოლო აუდიოჩანაწერის გაკეთება ნახსენები არ ყოფილა:

 

“ხელმოწერა არსებობს ვიდეოკონტროლზე, არსად არ წერია იქ აუდიოკონტროლის განხორციელება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გამოაღწია ამ მასალამ გარეთ, არანაირი ვერსია არ გვაქვს, უბრალოდ, იმდენად არათანმიმდევრულები არაინ ეს ადამიანები და იმდენ სხვადასხვა დანაშაულს ჩადიან, რომ ამ ყველაფრის კონტროლი, როგორც ჩან, უჭირთ და გამოჟონვა ხდება სხვადასხვა ხერხებით”, – აცხადებს ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი. მისივე თქმით, დამნაშავე პირები პროკურატურამ აუცილებლად უნდა გამოავლინოს:

“პროკურატურამ უნდა გამოავლინოს კონკრეტული დამნაშავე პირები, დააყენოს მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გარდა ამისა მთავრობამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ საკითხზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება”, – აცხადებს ონიანი.

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხანში ოფიციალური განცხადება გავრცელდება, სადაც ყველა ბუნდოვანი დეტალი განმარტებული იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი