ახალი ამბები

მავთულხლართებით გახლეჩილი სოფელი [Video/Photo]

4 ოქტომბერი, 2013 •
მავთულხლართებით გახლეჩილი სოფელი [Video/Photo]

რუსმა მესაზღვეებმა კონტროლი გაამკაცრეს: თუ აქამდე მოსახლეობას თავისუფლად შეეძლო საზღვრის მეორე მხარეს გადაადგილება, სოფელ დვანში ახლა ეს შეუძლებელია.

მავთულხლართებით გავლებული საზღვარი დვანში
მავთულხლართებით გავლებული საზღვარი დვანში

პირობით საზღვართან მისვლა ქართველი სამხედროების გარეშე საშიშია. შეიარაღებული რუსი სამხედროები მთიდან აკვირდებიან ტერიტორიას. იქვე დამონტაჟებულია ვიდეოკამერა, რომელიც აფიქსირებს პერიმეტრს. მავთულხლართებს იქით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაწილში სიჩუმეა. გარეთ არავინ ჩანს. მავთულხლართების აქეთ ადგილობრივები დგანან, ესაუბრებიან ჟურნალისტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საზღვრის გადმოწევა ამ დროისათვის შეჩერებულია, თუმცა მოსახლეობას ეშინია და სახლებიდან ნივთების გატანას განაგრძობენ.  

 

გიორგი მინდიაშვილი
გიორგი მინდიაშვილი

ორად გაყოფილი სოფელი კომუნიკაციას ვერ ახერხებს. ადგილობრივი მცხოვრების გიორგი მინდიაშვილის თქმით, მისი მეზობლის შვილები საზღვრის მეორე მხარეს არიან გათხოვილები, მშობლები მათ სანახავად ვერ მიდიან. სასაზღვრო ზოლის მიღმა ორსართულიანი სახლი დგას. ბატონი გიორგის თქმით, იქ სოფლის თავმჯდომარე ცხოვრობს, რომელთანაც დალაპარაკება უნდა. ამბობს, რომ საღამოს მავთულხლართებთან შეხვდებიან ერთმანეთს და ინფორმაციას გაცვლიან. 

 

“ჩვენ აქ დავიხოცებით, მაგრამ არ მივცემთ უფლებას საზღვარი კიდევ გადმოწიონ”.

 

თინა იმ სახლის მფლობელი იყო, რუსულ საგუშაგოსთან ყველაზე ახლოს რომ დგას. აქ ყველა კუთხე რაღაცას ახსენებს. თინა ამბობს, რომ ეზოში პატარა აუზი ჰქონდათ, სადაც თევზები ჰყავდათ. ნასახლარში დეტალების გარჩევა ჭირს, თუმცა ერთი წარწერა ყველაზე მკაფიოა “5 разве рота”.

 

“დედა, აქ კიდევ უნდა მოვიდეთ?” – ეს ერთადერთია, რასაც პატარა გიორგი ამბობს. არ უნდა იმაზე ლაპარაკი, რამდენი წლის არის. არც იმის თქმა სურს, როგორ თამაშობდა ამ სახლში და არაფრის გახსენებას აპირებს. მხოლოდ ფოტოს გადაღებაზეა თანახმა, ისიც დედის დაჟინებული თხოვნით.

 

აქედან სოფელში რომ ჩახვიდე, ჯერ ილოს სახლი უნდა გაიარო. ახლა თივას აგროვებს. ოპერატორები უღებენ, ჟურნალისტები შეკითხვებს უსვამენ, ის კი ყურადღებას არავის აქცევს და ასე აგრძელებს თივის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას სახლში, სადაც უკვე არავინ ცხოვრობს.

 

ილოს 9- სულიანი ოჯახი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ კოტეჯში გადავიდა. 24 კვ.მ – ეს ამ ადამიანების ახალი სახლია. მარო ბებო ქვაბით “მაკარონს” ხარშავს. ის წუხს ბევრი რამის გამო- მთავარი, რაც აწუხებს, ტერიტორიების წართმევაა. თან ფიქრობს იმაზე, ზამთარში როგორ გათბება მისი ოჯახი.

 

– “ეს ცხოვრებაა?!” – კითხულობს მარო ბებო და კოვზით ქვაბში მორევას აგრძელებს.

 

ილოს მამა თავის სახლს იხსენებს:

 

“შემოგვითვალეს დაშალეთო, თორემ მიწაში ავურევთო. ჩვენც დავიწყეთ ნანგრევების ჩამოზიდვა. შემოსავალი არ გვაქვს. ვენახი გვქონდა და ისიც საზღვრის იქით აღმოჩნდა. მეტი არაფერი. ასე ვცხოვრობთ გაჭირვებით. 150 ლარს ვიღებდით მე და ჩემი მეუღლე. 100 ლარს- ჩემი ორი შვილი. ბოლო შვიდი თვე აღარ მიგვიღია სოციალური დახმარება. მგონი, მოგვიხსნეს.”

სახლი დვანში, რომლის დაშლაც მეპატრონეს საზღვრის გავლების შედეგად მოუხდა
სახლი დვანში, რომლის დაშლაც მეპატრონეს საზღვრის გავლების შედეგად მოუხდა

 

აკაკი კორაშვილი იმასაც ამბობს, რომ მესაზღვრეებმა რუსეთის მოქალაქეობის მიღება შესთავაზეს, სანაცვლოდ კი უთხრეს, რომ კარგ სახლს აუშენებდნენ. ამას მისი მეზობელი მერაბ კოპაძეც ადასტურებს.

 

“რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. მე არ მინდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა”.

 

საზღვრის იქით დარჩენილი ვენახიდან მოკრეფილი ყურძნის ღვინით აკაკი საქართველოს სადღეგრძელოს ამბობს.

 

თბილისში დაბრუნებას ვაპირებთ, ვხედავთ ილოს, მხარზე ცულით. იღიმის, უსიტყვოდ… ქართული პოლიციის მანქანიდან კი რომელიღაც რუსული სიმღერა ისმის – “волна, новая волна’’…

დვანელების დაშლილი სახლების ნარჩენები
დვანელების დაშლილი სახლების ნარჩენები

მასალების გადაბეჭდვის წესი