ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, “ჯიჰადის ვიდეოების” საქმე აშშ-ის დახმარებით გაიხსნა

3 ოქტომბერი, 2013 •
ღარიბაშვილის თქმით, “ჯიჰადის ვიდეოების” საქმე აშშ-ის დახმარებით გაიხსნა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს ამ ეტაპზე, იქამდე, სანამ გამოძიება ბოლომდე არ დაადგენს, რას ემსახურებოდა მათი დამზადება, რა მოტივაცია ჰქონდა, ვინ იდგა ავტორის უკან და ა.შ. 


მისივე განმარტებით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ სამარ ჩოკუტაევი ორჯერ არის მოსკოვში ნამყოფი, მისი მხრიდან არ იქნებოდა სწორი, რომ რუსეთის სპეცსამსხურების დაინტერესების ვერსიაზე ისაუბროს.

 

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ იცოდნენ საქმის გამოძიების შესახებ საზოადოებამ და მთავრობის წევრებმა, ღარიბაშვილი ამბობს:

 

“ეს საქმე იყო ოპერატიურად გახსნილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიყავით მზად, რომ ბრალი წაგვეყენებინა. გამოძიება აგროვებდა მტკიცებულებებს, სიჩქარე არ გამოვიჩინეთ, არ ვაცნობეთ საზოგოადებას მარტივი მიზეზის გამო, არ ვიყავით იმ კონდიციამდე, რომ საქმე გახსნილად გამოგვეცხადებინა.”


რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იცოდნენ ამის შესახებ თავად მთავრობის წევრებმა, ღარიბაშვილის თქმით, ვინც პირადად დაინტერესდა ამ საქმით, მისთვის ეს ინფორმაცია არ დაუმალავს. მათ შორის იყო იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. 


2013 წლის 5 ივნისს იუთუბზე გავრცელდა ვიდეომასალა სათაურით – “თალიბების ჯიჰადი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან”. ვიდეოში ნათქვამია, რომ ყველა ჯვაროსანი, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და აუცილებლად დაისჯებიან ქართველებიც. ვიდეომასალა შეიცავს მუქარას ქართველი მებრძოლებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ.

 

6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა.

 

საქართველოს შსს უკვე თითქმის ოთხი თვეა აწარმოებს გამოძიებას ამ ვიდეომასალასთან დაკავშირებით. დღეს შსს-ში განაცხადეს, რომ ამ საქმეზე ბრალდებულია 24 წლის სამარ ჩოკუტაევი, თუმცა გამოძიება კვლავაც გრძელდება.

 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი