ახალი ამბები

ნეტგაზეთი, რადიო თავისუფლება, ტვ 25 – დაბლოკილი ვებგვერდები აჭარის ფინანასთა სამინისტროში

3 ოქტომბერი, 2013 • 1430
ნეტგაზეთი, რადიო თავისუფლება, ტვ 25 – დაბლოკილი ვებგვერდები აჭარის ფინანასთა სამინისტროში

 

 

„დაახლოებით ოთხი რიგითი საჯარო მოხელის კაბინეტში ვიყავი შესული, მე თვითონ შევამოწმე კომპიუტერი და 25-არხის, „თავისუფლების“ და „ნეტგაზეთის“ საიტები არ გაიხსნა. შემდეგ დაცვა მოვიდა და კაბინეტიდან გამომიყვანეს, თუმცა ეს კადრები გადაღებული მაქვს“.  – ამბობს „ტვ 25″ -ის ჟურნალისტი სულხან მესხიძე, რომელიც სამინისტროში წყაროსგან მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა. მისივე თქმით, სხვა საინფორმაციო ვებგვერდების, მათ შორის აჭარის ტელევიზიის ვებგვერდის გახსნა მან შეძლო. 

 

ინფორმაციის გადასამოწმებლად „ბათუმელები“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურს ჯერ ტელეფონით დაუკავშირდა. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამუნა დიასამიძემ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

 

„ინფორმაცია არასწორია, ჟურნალისტმა გახსნა ვებგვერდები და გადაიღო კიდეც. დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ყველა საიტი არის, შეიძლება რიგით თანამშრომლებს, სპეციალისტებს, ქსელი რომ არ გადაიტვირთოს, რაღაც საიტები არ ჰქონდეთ და ამაში პრობლემა არ არის“. სულხან მესხიძე კი ამბობს, რომ მან მართლაც შეძლო ვებგვერდების გახსნა პრესსამსახურის ხელმძღვანელის ლეპტოპში, მაგრამ იგივე ვერ შეძლო საჯარო მოხელეების კაბინეტებში არსებულ კომპიუტერებში. 

 

 ფაქტის გადამოწმებას „ბათუმელები“ ადგილზე შეეცადა, თუმცა, პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტს ამის საშუალება არ მისცა. 

 

„კაბინეტებში ვერ შეგიშვებ, იქედან გამომდინარე, რომ მოთხოვნაა. დღეს ჟურნალისტები შეიჭრნენ ოთახებში, ზემოთ ავიდნენ და არეულ-დარეულობა მოაწყვეს.  სამინისტრო და მთავრობა, ყველა ერთ ქსელშია ჩართული. შეიძლება რომელიმე კონკრეტული საიტი მოვიდეს – წავიდეს. დეპარტამენტებს ყველას აქვს, მაგრამ ამაზე მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნათია სირაბიძე ოფიციალურად თვითონ გააკეთებს კომენტარს“.  – განაცხადა თამუნა დიასამიძემ. 

 

 

მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნათია სირაბიძის განცხადებით საიტების გათიშვა ახალი სისტემით არის გამოწვეული: „აჭარის მთავრობა ნერგავს ერთიან საკომუნიკაციო სისტემას, რომელშიც ჩართული იქნება ყველა სამინისტრო და საქვეუწყებო დაწესებულება. ამჟამად მიმდინარეობს ამ სისტემის გატესტვა, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება. ამიტომ, გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული ინტერნეტ რესურსებზე“.

 

 

კითხვაზე, თუ არის „ნეტგაზეთი“ გათიშული, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი დაცვის სისტემა,- ნათია სირაბიძე პასუხობს: „ძირითადად ვიდეოს და აუდიოს შემცველი საიტები შეიძლება იყოს პერიოდულად გათიშული, რომელსაც დიდი ენერგია მიაქვს. რადგან 25-ე არხსაც აქვს ლაივსტრიმი, პერიოდულად ითიშება“.

 

კითხვაზე,  რატომ არ მისცა ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურმა „ბათუმელებს“ კომპიუტერების გადამოწმების უფლება, ნათია სირაბიძე ამბობს: „მე ვუთხარი ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, რადგან ეს ეხება ყველას. გადამოწმების საშუალებას კი მოგცემენ, თუნდაც ხვალ“. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი