ახალი ამბები

საპრეზიდენტო კანდიდატები ეთნიკური უმცირესობების შესახებ

3 ოქტომბერი, 2013 •
საპრეზიდენტო კანდიდატები ეთნიკური უმცირესობების შესახებ

“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობები უნდა იყვნენ დაცული ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან და უნდა ამაღლდეს უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების ხარისხი:

 

“ჩვენ მათ დავიცავთ არა მხოლოდ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან, არამედ შევუქმნით სრულფასოვანი განვითარების პირობებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მათი სრული ინტეგრაცია  სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივ პროცესებში. ამისთვის ქართული ენის სწავლების ხარისხის ამაღლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ”, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის პასუხში.

 

ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას უსვამს ხაზს პასუხში ნინო ბურჯანაძეც:

 

“განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური დასახლების ადგილებში სახელმწიფო ენის (ქართული ენის) სწავლების მნიშვნელოვან ხარისხობრივ გაუმჯობესებას, რათა ჩვენს არაქართველ მოსახლეობას მივცეთ თანაბარი სასტარტო პირობები მაღალი დონის განათლების მისაღებად, საქართველოს პლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩასართავად. ამის პარალელურად ეროვნული უმცირესობების კომპაქტური დასახლების ადგილებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საბაზისო განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა”, – აღნიშნულია ბურჯანაძის პასუხში.

 

გიორგი თარგამაძე ენის სწავლების პროგრამის დაფინანსების გასამმაგებას აპირებს:

 

“ამასთან, სახელმწიფო დააფინასებს ტრადიციულად ჩამოყალიბებული უმცირესობებისთვის ნაციონალურ ენებზე ბეჭდვითი გამოცემების ხელმისაწვდომობას, კულტურული კერების, სასწავლო და რელიგიური დაწესებულებების მუნიციპალური და სახელმწიფო ბიუჯეტებიდან სუბსიდირებას”, – აცხადებს გიორგი თარგამაძე.

“ეთნიკური უმცირესობების უფლებები ისევე განუხრელად იქნება დაცული, როგორც ყველა დანარჩენის”, – ასეთი პასუხი აქვს კიდევ ერთ საპრეზიდენტო კანდიადტს შალვა ნათელაშვილს.

ზურაბ ხარატიშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირება ერთიან საზოგადოებაში. ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას სერგო ჯავახაძეც.

დავით ბაქრაძისა და ნესტან კირთაძის მოსაზრებები კი საიტზე მოცემული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი