ახალი ამბები

შვედეთი ითხოვს საქართველოს გასამართლებული მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას

13 მარტი, 2018 • 3922
შვედეთი ითხოვს საქართველოს გასამართლებული მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას

შვედური მედიასაშუალება “შვედეთის რადიოს” ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს სტოკჰოლმში შვედეთის იუსტიციის მინისტრთან გამართავს შეხვედრას. როგორც მორგან იოჰანსონმა “შვედეთის რადიოს” უთხრა, ქართველ კოლეგასთან ისაუბრებს შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების გადაცემის საკითხზე.

“ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ შვედეთთან, ამიტომ მათ სასჯელი სამშობლოში უნდა მოიხადონ და არა შვედეთში. ამიტომაც ისინი საქართველოში უნდა დაბრუნდნენ. გარდა ამისა, ჩვენი ციხეები საკუთარი დამნაშავეებისთვის გვჭირდება” – ამბობს იოჰანსონი.

შვედეთის იუსტიციის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ჩადენილ ქურდობების 50 პროცენტში ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. საქართველო კი ერთ-ერთია იმ 4 ქვეყანას შორის, საიდანაც ყველაზე მეტი კრიმინალური დაჯგუფება ხვდება შვედეთში.

შვედეთის პოლიციის ინფორმაციით, უცხოელები ჭარბობენ საზღვაო ტრანსპორტის ძრავების, ავტომობილების ნაწილების ქურდობისა და მოხუცთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების შემთხვევებშიც.

შვედეთის იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველო ვალდებულია, საკუთარი მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყანაში გასამართლდნენ, სამშობლოში დააბრუნოს, თუმცა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ასე არ მომხდარა. მორგან იოჰანსონის თქმით, სხვადასხვა მიზეზებს შორის საქართველო პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილების არქონას ასახელებდა

შვედეთში გასამართლებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითზე შვედეთის იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს გარდა, მოლაპარაკებებს რუმინეთის, ლიტვისა და პოლონეთის წარმომადგენლებთანაც გამართავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი