„იქნებ გამომიგზავნოთ ფული, ძვირადღირებული ოპერაცია მჭირდება და სამინისტრო მხოლოდ 8 500 ლარს მიფინანსებს“ – ამ ტიპის თხოვნა რამდენიმე მსჯავრდებულის ოჯახს მიუვიდა. მსგავსი სპეკულაციისგან თავის დაზღვევის მიზნით, სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, ინფორმაცია გადაამოწმონ სამედიცინო დეპარტამენტში შემდეგ ტელეფონის ნომერზე – 231-27-47.
საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დეპარტამენტი ოჯახთან დაკავშირებას თავად უზრუნველყოფს. გამოცდილება, როდესაც ოჯახები პატიმრებს საკვების და სამედიცინო მომსახურების ფულს იძულებით უგზავნიდნენ, წარსულს ჩაბარდა.
2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე 5139-მა მსჯავრდებულმა მიიღო სამედიცინო მომსახურება პენიტენციური სისტემისა და სამოქალაქო ჯანდაცვის საავადმყოფოებში და არცერთ ამ შემთხვევაში თანადაფინანსებას ადგილი არ ჰქონია – მათი მომსახურება სახელმწიფო ბიუჯეტმა 100%-ით დააფინანსა. სამედიცინო რეფერალის თითოეული შემთხვევა ელექტრონულ სამედიცინო პროგრამაში რეგისტრირდება და ინტერესის შემთხვევაში, ინფორმაციის გადამოწმება ადვილია.
პატიმარს აქვს უფლება თავად შეიძინოს მედიკამენტები, რომელიც იმ 500-მდე მედიკამენტის ჩამონათვალში არ შედის, რომელსაც სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს, ასევე აქვს უფლება მოითხოვოს მეორე სამედიცინო აზრი, ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანხმობის შემთხვევაში, თავად აირჩიოს სამედიცინო მომსახურების გამწევი საკუთარი ხარჯებით, რაც იშვიათად ხდება, თუმცა თანადაფინანსება ამ შემთხვევებშიც შეუძლებელია”, – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.




