ახალი ამბები

“ჯიჰადის ვიდეოების” საქმე სასამართლოში საიდუმლო საქმის წარმოების წესით შევიდა

3 ოქტომბერი, 2013 •
“ჯიჰადის ვიდეოების” საქმე სასამართლოში საიდუმლო საქმის წარმოების წესით შევიდა

სასამართლოს ცნობით, აღნიშნული საქმე მათთან საიდუმლო საქმის წარმოების წესით შევიდა:

 

“ეს იმას ნიშნავს, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს, ან მხარეებმა მოითხოვეს სასამართლო განხილვის დახურვა,” – აცხადებს მაია ხუციშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. მისივე თქმით, ის ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე მოხდა საქმის გასაიდუმლოება, საჯაროა. თუმცა ამ ინფორმაციას არც სასამართლოში ამხელენ და არც შსს-ში.

 

სასამართლოში იმაზეც კი არ საუბრობენ, თუ რომელმა მოსამართლემ განიხილა აღკვეთის ღონიძიების მოთხოვნა.

 

ადევს თუ არა “ჯიჰადის ვიდეოების” საქმეს საიდუმლო გრიფი? – ამ კითხვაზე პასუხი “ნეტგაზეთმა” შსს-დან ვერ მიიღო.

 

“რაც უკვე ვთქვით, იმაზე მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გავცემთ,” – ასეთია შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსის, ნინო გიორგობიანის პასუხი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ როდესაც საქმეები ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ტერორიზმი, ისინი საიდუმლო მასალების კატეგორიას წარმოადგენენ. სამარ ჩოკუტაევს საქართველოს შსს-მ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 330მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება ტერორიზმისაკენ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე) წაუყენა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ მათ უწყებას ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების საქმე უკვე ერთი თვეა, რაც გამოძიებული ჰქონდა. შს მინისტრი ამ განცხადებით გამოეხმაურა წინა დღით თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომლითაც გაირკვა, რომ მისი უწყება ჩაერთვებოდა ამ საქმის გამოძიებაში, თუკი შსს ვერ მოახერხებდა გამოძიების პროცესის წინსვლას.

 

შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ იმ დროს, როცა თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა, საქმე უკვე გამოძიებული იყო:

 

“ირაკლი ალასანიას შეეძლო გადაემოწმებინა ინფორმაცია კოლეგა მინისტრებთან მანამდე, სანამ ამ ინფორმაციას გაავრცელებდა,” – აცხადებს გიორგობიანი. 

 

1 ოქტომბერს, ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, როდესაც მან აღნიშნა, რომ ეს საქმე უკვე ერთი თვის გამოძიებული იყო, მისი უწყების პრესსამსახურში დააზუსტეს, რომ ამ საქმეზე უკვე აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული ჰქონდა კონკრეტულ ბრალდებულს, რომლის ვინაობა დღეს გახდა ცნობილი – იგი ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევია, რომელიც სოხუმში ცხოვრობს.

 

“ეს საქმე ერთი თვის წინ იყო გამოძიებული, თუმცა მთავარი იყო გამოძიების ინტერესი, ამიტომ არ ვიჩქარეთ და არ მოხდა ამ საქმის გახმაურება, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო თავდაპირველად მტკიცებულებების გამოკვლევა,” – აცხადებს ნინო გიორგობიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ ჩოკუტაევს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ერთი კვირის წინ, 25 სექტემბერს შეეფარდა.

 

თუკი საქმე ერთი თვის წინ გაიხსნა, მაშინ რატომ მიმართეს სასამართლოს ჩოკუტაევისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით ერთი კვირის წინ? – ამ კითხვაზე დღეს შსს-ში არ უპასუხეს. ამავე უწყებაში არ უპასუხეს “ნეტგაზეთის” კიდევ ერთ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა თბილისში მდებარე იმ ორ კერძო კომპანიას, რომელთა როუტერებიც გამოიყენა ჩოკუტაევმა იმისათვის, რომ, როგორც შსს-ში აცხადებენ, კვალი აერია გამოძიებისთვის.


სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთი ვიდეო ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერას სტუდიის (Dream Studio) IP მისამართით იქნა ატვირთული იუთუბზე.

 

არის თუ არა იმ ორ კერძო კომპანიას შორის ბერას სტუდია, რომლის როუტერიც იქნა გამოყენებული ჩოკუტაევის მიერ? დაგვისახელეთ ის ორი კომპანია, რომლებიც თბილისშია და გამოიყენა ბრალდებულმა? – ნეტგაზეთის ამ შეკითხვებს შსს-ში არ უპასუხეს.

 

2013 წლის 5 ივნისს იუთუბზე გავრცელდა ვიდეომასალა სათაურით – “თალიბების ჯიჰადი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან”. ვიდეოში ნათქვამია, რომ ყველა ჯვაროსანი, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და აუცილებლად დაისჯებიან ქართველებიც. ვიდეომასალა შეიცავს მუქარას ქართველი მებრძოლებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ.

 

6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა.

 

საქართველოს შსს უკვე თითქმის ოთხი თვეა აწარმოებს გამოძიებას ამ ვიდეომასალასთან დაკავშირებით. დღეს შსს-ში განაცხადეს, რომ ამ საქმეზე ბრალდებულია 24 წლის სამარ ჩოკუტაევი, თუმცა გამოძიება კვლავაც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი