ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ 2013 წელს ქ. თბილისის ბიუჯეტი მთლიანობაში შეადგენს 704,0 მლნ ლარს, აქედან 448,1 მლნ ლარი არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი, 37,2 მლნ ლარი – წლის დასაწყისში არსებული ნაშთი, ხოლო დანარჩენი 218,7 მლნ ლარი არის ქ. თბილისის საკუთარი შემოსავლები.
“გამომდინარე იქიდან, რომ ქ. თბილისის მერიის მხრიდან 2013 წლის განმავლობაში გამოყოფილი თანხების ათვისება შეფერხდა, 2013 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ქ. თბილისის ბიუჯეტის დეპოზიტზე არსებული ნაშთი შეადგენს 189,7 მლნ ლარს, რაც ნიშნავს, რომ 9 თვის განმავლობაში ქ. თბილისმა დააგროვა 150,0 მლნ ლარზე მეტი.
აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე, 2014 წლის დასაწყისისათვის ქ. თბილისის ბიუჯეტის დეპოზიტებზე ნაშთი გადააჭარბებს 100,0 მლნ ლარს და იქნება 63,0 მლნ ლარით მეტი, ვიდრე მიმდინარე წლის დასაწყისში, ხოლო ტრანსფერი 2013 წელთან შედარებით მცირდება მხოლოდ 49,9 მლნ ლარით. გარდა ამისა, 2014 წელს გაიზრდება ქ. თბილისის შემოსავლებიც, რის შედეგადაც 2014 წელს ქ. თბილისის ბიუჯეტის მოცულობა იქნება უფრო მეტი, ვიდრე 2013 წელს”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
გიგი უგულავამ გუშინ განაცხადა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით 50 მილიონი ლარით შემცირებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი თვითმმართველობის, თბილისის ტრანსფერი, რაც დედაქალაქის მერმა შეაფასა, როგორც სადამსჯელო ღონისძიება “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან, რადგან თბილისის მერი არის ოპოზიციური გუნდის წარმომადგენელი. უგულავამ ტრანსფერის გაანგარიშების წესზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც თბილისისთვის გამოყენებული ტრანსფერი არ უნდა შემცირებულიყო.
“რაც შეეხება ტრანსფერის მოცულობის გაანგარიშებას – 2014 წლის ტრანსფერების გაანგარიშებისთვის შეიცვალა გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ფორმულა, კერძოდ, თბილისისა და ბათუმის სტატუსის კოეფიციენტები, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით 4-ჯერ მეტი იყო და შეადგენდა 3,8-ს, შემცირდა და განისაზღვრა 2,8-ის ოდენობით. ასევე, შემოღებულ იქნა მაღალმთიანობის კოეფიციენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტი დახმარება გავუწიოთ მაღალმთიან რეგიონებს.
ტრანსფერის შემცირების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ მთლიანი ტრანსფერის მოცულობიდან 50,0%-ზე მეტი გამოყოფილია ქ. თბილისისთვის და აღნიშნული ტრანსფერის ფარგლებში შესაძლებელია სრულად დაფინანსდეს ქ. თბილისის ფუნქციების განსახორციელებლად დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, სოციალური მიმართულებით, რომელთა შორისაცაა საბავშვო ბაღების გაზრდილი ხარჯები”, – განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.
თბილისის მერიაში გუშინ ასევე განაცხადეს, რომ 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ჩაშლა ემუქრება, ვინაიდან თბილისის მერიას მოსამზადებლად თანხები აღარ ჰყოფნის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროშ განმარტავენ, რომ ეს სიცრურეა:
“რადგან თბილისის 2015 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებით სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 2013 წელს უკვე გამოიყო 6,5 მლნ ლარი სპორტული დარბაზების რეაბილიტაციისათვის, ხოლო ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხებისთვის ყოველწლიურად ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1,5 მლნ ლარი.”







