ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, “ჯიჰადის ვიდეოების” ავტორი ყირგიზეთის მოქალაქეა

3 ოქტომბერი, 2013 • 1337
შსს-ს ცნობით, “ჯიჰადის ვიდეოების” ავტორი ყირგიზეთის მოქალაქეა

შსს-ს ცნობით, სამარ ოკუტაევს ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3301მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება ტერორიზმისაკენ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე) და მას დაუსწრებლად აქვს შეფარდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ამჟამად მის მიმართ სამძებრო ღონისძიებები ტარდება.

 

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებული არის მაღალი კვალიფიკაციის IT სპეციალისტი და დანაშაული მან საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიდინა.

 

“კერძოდ, 2013 წლის 4 ივნისს სამართ ჩოკუტაევმა ინტერნეტსივრცეში მომხმარებელ ჰამად ზამანის სახელით განათავსა ვიდეორგოლი, რომელიც შეიცავს ავღანეთში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მუქარას”, – აცხადებენ შსს-ში.

 

გამოძიების ცნობით, ვიდეომასალა, რომელიც გამოყენებულია კლიპში, მოპოვებულია თავისუფალი წვდომის ინტერნეტსივრცეში და ამისთვის ავტორს ქართული ტელეკომპანიების ვიდეოარქივთან ფიზიკური წვდომა არ დაჭირვებია. ასევე, დანაშაული ჩადენილია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან: კვალის დაფარვის მიზნით, ჩოკუტავემა გამოიყენა ქართული GSM ოპერატორების USB ინტერნეტმოდემები. თავად ანძები კი, რომლითაც ბრალდებული სარგებლობდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლორებად ტერიტორიაზეა განთავსებული.

 

გამოძიების ცნობით, სამარ ჩოკუტაევამ აფხაზეთიდან, მალაიზიაში წინასწარ მომზადებული სერვერის გამოყენებით, დაშიფრული ხაზით შეაღწია ქალაქ თბილისში ორ სხვადასხვა მისამართზე მდებარე კერძო სტრუქტურათა ოფისების ინტერნეტქსელში და კვალის არევის მიზნით იმგვარად ატვირთა ვიდეორგოლი აღნიშნულ ოფისებში განთავსებული როუტერების გამოყენებით, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს დანაშაული ამ ოფისების მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი. შსს-ში სწორედ ამით ხსნიან, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე სწორედ თბილისში გამოყენებული IP მისამართები იქნა იდენტიფიცირებული.

სამარ ჩოკუტაევი
სამარ ჩოკუტაევი

 


სამარ ჩოკუტაევს ფეისბუქის გვერდზე მითითებული აქვს, რომ 2010 წლიდან 2011 წლის აგვისტომდე მუშაობდა მრჩევლად კომპიუტერულ ტექნოლოგიებში “ეროვნული საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში”, შემდეგ – “ნურ ტელეკომში” – მობილურ ადმინისტრატორად, ხოლო 2012 წლის აპრილ-დეკემბერში – სოხუმში, მობილურ სატელეფონო კომპანია “Aquafon”-ში.


2013 წლის 5 ივნისს იუთუბზე გავრცელდა ვიდეომასალა სათაურით – “თალიბების ჯიჰადი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან”. ვიდეოში ნათქვამია, რომ ყველა ჯვაროსანი, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და აუცილებლად დაისჯებიან ქართველებიც. ვიდეომასალა შეიცავს მუქარას ქართველი მებრძოლებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ.

 

6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა  დაიჭრა.

 

საქართველოს შსს უკვე თითქმის ოთხი თვეა აწარმოებს გამოძიებას ამ ვიდეომასალასთან დაკავშირებით. გამოძიება ამჟამად გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი