ახალი ამბები

კომპანიის დირექტორი, რომელმაც ქუთაისში პარლამენტი ააშენა, პასუხისგებაში მისცეს

4 ოქტომბერი, 2013 •
კომპანიის დირექტორი, რომელმაც ქუთაისში პარლამენტი ააშენა, პასუხისგებაში მისცეს

გამოძიების ცნობით, 2010  წლის 17 მარტს შპს „მენო ინტერნეშნლს“, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, გაუფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ქუთაისში პარლამენტის შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე. ხელშეკრულების ფარგლებში, ეტაპობრივად, შპს „მენო ინტერნეშნლს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩაერიცხა 281 000 000 ლარი.

 

“სამუშაოების მიმდინარეობისას გიორგი კურცხალიამ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, პირდაპირი დანახარჯების ხელოვნურად გასაზრდელად, ხიმინჯების მოწყობაზე, ქვეკონტრაქტი გაუფორმა მისსავე გამგებლობაში არსებულ შპს „გ.ს.კ.“-ს, რითაც ერთი გრძივი მეტრი ხიმინჯის ფასი, 690 ლარი, ხელოვნურად გაიზარდა 1200 ლარამდე. ერთიანობაში უნდა შესრულებულიყო 22 351 გრძივი მეტრი ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც შპს „მენო ინტერნეშნელმა“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოითხოვა და მიიღო 34 074 998 ლარი, მაშინ, როდესაც ხიმინჯების მოწყობის სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენდა 22 462 529,6 ლარს. მითითებული ხერხით გიორგი კურცხალია თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 11 612 469 ლარს”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

ამავე უწყების ცნობით, 2007  წლის 21 მარტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  შპს „მენო ინტერნეშნლს“ შორის ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თბილისში აბაშვილის ქ. #3-ში თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთათვის განკუთვნილი თვრამეტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე. ხელშეკრულების ფარგლებში შპს „მენო ინტერნეშნლს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩააერიცხა 56 497 662 ლარი.

 

“სამუშაოების შესრულებისას გიორგი კურცხალიამ, პირდაპირი დანახარჯების ხელოვნურად გასაზრდელად, ზემოაღნიშნული მშენებლობისათვის აუცილებელი საპროექტო სამუშაოებისათვის ქვეკონტრაქტი გააფორმა მისსავე გამგებლობაში არსებულ შპს „მაგი სტილ“-თან,  რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან 3 060 000 ლარი გადაურიცხა შპს „მაგი სტილს“, მაშინ, როდესაც პროექტით ასაშენებელი კორპუსები იყო იდენტური და  საპროექტო სამუშაოების რეალური ღირებულება შეადგენდა  1 020 141 ლარს. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთა მრავალსართულიანი  საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისას, გიორგი კურცხალიამ ხელოვნურად გაზარდა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოთა ღირებულება, რითაც მთლიანობაში თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 4 944 479 ლარს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. 

 

გამოძიების ცნობით, გიორგი კურცხალიას ქმედებებებით სახელმწიფოს ერთიანობაში 16 556 948 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

   

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას ახორციელებდა კომპანია “მენო ინტერნეიშენალის” ქვეკონტრაქტორი ფირმა “მაგი სტილი”. ორივე კომპანიის მფლობელები არიან: ირაკლი ჩიქოვანი (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე), გიორგი გეგეშიძე (ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორი) და გიორგი კურცხალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი