ახალი ამბებისაზოგადოება

მეტი ქალი ვიკიპედიაში

8 მარტი, 2018 • 3584
მეტი ქალი ვიკიპედიაში

ინტერნეტ ენციკლოპედიის, ვიკიპედიის რედაქტორების 90% კაცია, ხოლო კაცების შესახებ სტატიები 4-ჯერ აღემატება ქალების შესახებ დაწერილი მასალების რაოდენობას. ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად  საქართველო პირველად შეუერთდა გლობალურ ინიციატივა #WikiGap-ს.

დღეს, 8 მარტს, საქართველოში შვედეთის საელჩოს, ქართული ვიკიპედიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ვიკიპედიის მომავალი ქალი რედაქტორებისთვის თბილისში სპეციალური სამუშაო შეხვედრა (ედიტათონი) გაიმართა. მასში მონაწილეობა ქართველმა ქალმა მკვლევრებმა, ბლოგერებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო ნატროშვილი ამბობს, რომ შეკრებას სამი მიზანი ჰქონდა. პირველი, მათ ამგვარად წაახალისეს ქალი რედაქტორები და ჟურნალისტები, რათა ესწავლათ, როგორ უნდა დაწერონ კარგი სტატია ვიკიპედიისთვის. მეორე მხრივ, ასევე საჭიროა ქალების შესახებ კონტენტის გამრავალფეროვნებაც და ამის ხელშეწყობაც იყო შეკრების მიზანი:

“მესამე, ვიკიპედია თავიდან ბოლომდე მოხალისეობაზეა დაფუძნებული. წელს 8 მარტის საერთაშორისო გლობალური კამპანიის ფოკუსშიც ექცევიან აქტივისტები, ქალი აქტივისტები. ეს ქალებიც, რომლებიც დღეს ამ ვორქშოპზე არიან შეკრებილი, თავიანთი აქტივიზმით და მოხალისეობით ძალიან დიდ როლს შეასრულებენ ქალთა გაძლიერებაში”. – ამბობს ნატროშვილი.

ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორი მიხეილ ჭაბუკაშვილი ამბობს, რომ “ვიკიპედიის” კვლევის თანახმად, საქართველოში 53%-მა არ იცის, რომ ვიკიპედია ინტერნეტ ენციკლოპედიაა და ის სამთავრობო ვებ-გვერდი ჰგონიათ. მისივე თქმით, ვიკიპედიის მუდმივი 8 რედაქტორიდან მხოლოდ ერთია ქალი, ხოლო მოხალისეებიც, რომლებიც ვიკიპედიას უერთდებიან, ძირითადად ბიჭები არიან:

მიხეილ ჭაბუკაშვილი თვლის, რომ “ვიკიპედიის” რედაქტორების მოსაზიდად კარგი გზა უფროსკლასელი მოსწავლეების და სტუდენტების დაინტერესებაა, თუმცა ამ მხრივაც აწყდებიან ბარიერებს:

“ჯერ ერთი, მოხალისეობრივია ეს საქმიანობა და ვერც ერთ ვიკიპედიელს ვერ დაავალდებულებ, რომ სამსახური გააცდინე და ვორქშოპი ჩავატაროთ. მეორე მომენტია, რომ სკოლებში შესასვლელად ნებართვა გვჭირდება და ამგვარ  ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს ვაწყდებით”. – ამბობს ის.

საქართველოს ვიკიპედიაში სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით ყველაზე ცოტა სტატიაა გამოქვეყნებული –  120 000. რაც შეეხება ხარისხს, როგორც მიხეილ ჭაბუკაშვილი ამბობს, ვიკიპედიას აქვს თავისის შიდა საზომი, რასაც უწოდებენ სტატიის სიღრმეს. ამ თვალსაზრისით, ქართული ვიკიპედია  სამხრეთ კავკასიის რეგიონში საუკეთესოა. სტატისტიკურად, არა მხოლოდ საქართველოში,  მთელ მსოფლიოში ვიკიპედიაში გამოქვეყნებული ყოველი 6 ბიოგრაფიული სტატიიდან მხოლოდ ერთია ქალების შესახებ.

“ხაშურის მუნიციპალიტეტი არის უდიდესი რედაქტორების კონტრიბუტორი. ამის მიზეზი არის ისიც, რომ ჩვენი ყველაზე აქტიური ვიკიპედიელი არის ხაშურიდან, ასწავლის სურამის საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებელია. მთელი მოსწავლეები შემოკრებილი ჰყავს და ცდილობს მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი რედაქტორი, არაერთი [კონტრიბუტორი] გამოუზრდია, რომელსაც გაუგრძელებია მუშაობა ვიკიპედიაში”,- ამბობს ჭაბუკაშვილი.

ჟურნალ “ანაკლიის” მთავარი რედაქტორი რუსუდან ფანოზიშვილი დღევანდელი შეკრების ერთ-ერთი მონაწილე იყო. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში მან საქართველოში ამჟამად მოქმედ ერთადერთ მეზღვაურ ქალზე ნათია ლაბაძეზე დაწერა სტატია:

“აქამდე არ მიფიქრია ვიკიპედიის რედაქტორობა იმიტომ, რომ არასერიოზულად ვუყურებდი, როგორც წყაროს. ჟურნალისტებს ასე გვასწავლიდნენ და ასე იყო აღქმული, რომ ვიკიპედია არ არის სანდო წყარო. ახლა სხვა კუთხით შევხედე, რომ კარგად გაკეთებული ვიკისტატიაში ყოველთვის მითითებულია წყაროები. ასევე, მხოლოდ წყარო არ არის ვიკიპედია, ეს ასევე არის სავიზიტო ბარათი თუნდაც საქართველოსი, რადგან აქ განთავსებული ინფორმაცია იძებნება და ქვეყნის პოპულარობას ხელს უწყობს”.

გაეროს ქალთა ორგანიზაციას ასევე დაგეგმილი აქვს კონკურსის ჩატარება, სადაც მონაწილეობის მიღება ქალებს და კაცებს შეეძლებათ, თუმცა კონკურსის მოთხოვნა იქნება, რომ საკონკურსო სტატიები ქალების შესახებ იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი