დამოუკიდებელი დეპუტატი კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ხალხს დაშორდა. მისივე მოსაზრებით, ყოველთვის, როდესაც ბიზნესის ინტერესი ხალხის ინტერესს დაუპირისპირდა, ხელისუფლებამ ბიზნესის მხარე დაიკავა:
„სამწუხაროდ ამ ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ძალიან დაშორდა იმ ხალხს, ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში. ყველა შემთხვევაში, როდესაც ბიზნესის ინტერესი დაუპირისპირდა ხალხის ინტერესს, „ქართულა ოცნებამ“, მთავრობამ ბიზნესის მხარე დაიკავა. იყო ეს შრომის კოდექსი, იყო იპოთეკარების საკითხი, სადაზღვეო კომპანიები, ჯანდაცვის საკითხი, აზარტული თამაშების საკითხი, ყველა შემთხვევაში ხალხის სატკივარი გვერდზე იქნა გადადებული და ბიზნესის ინტერესი იქნა წინ დაყენებული. ამას რაიმე ხელშესახები ეკონომიკური წინსვლაც არ მოჰყოლია.“
დავითაშვილის განცხადებით, გაპირების მიუხედავად ანტიმონოპოლიური ღონისძიებები არ განხორციელდა და ბაზარი ისევ მონოპოლიზირებულია:
“დღეს ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლა შეუძლებელია, ბაზარი ისევ მონოპოლიზირებულია, ისევ იმ ადამიანების ხელშია, რომლებმაც ფორმალურად შეიცვალეს მფარველები, თუ მმართველები, მაგრამ რეალურად მონოპოლისტური ბაზარი დარჩა და ეს განაპირობებს სწორედ ეკონომიკურ მდგომარეობას, რომლის თაობაზეც დღეს დღეს მინდა დებატებში გამოვიდე. მე, როგორც დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს, მაქვს უფლება უმრავლესობის და უმცირესობის კვალად გამოვიდე დებატებში და ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. „
დეპუტატი ამბობს, რომ ახალი ხელისუფლება მონოპოლისტებს მფარველობს:
„მე ვამახვილებ ყურადღებას სწორედ ბაზრის მონოპოლიზაციის მაღალ ხარისხზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლების შემდეგ ამ ერთ წელიწადში კვლავ იქნა შენარჩუნებული. ფაქტობრივად მონოპოლისტებმა მიიღეს მფარველობა და გარანტიები ახალი ხელისუფლებისგან და მონოპოლიური ბაზარი რომ არ ვითარდება და ეკონომიკური ზრდა რომ არ ხდება, ეს ეკონომიკის სახელმძღვანელოებში წერია. მთავარი პრობლემა და მთავარი მიზეზი ეკონომიკის ზრდის ტემპების არარსებობისა არის სწორედ ბაზრის მონოპოლიზაცია და იმ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიუღებლობა, ანტიმონოპოლიური სამსახურის შეუქმნებლობა, ვერტიკალური მონოპოლიები, რომელიც არის ეკონომიკის ყველა სფეროში , ეს არის მიზეზი ეკონომიკის განვითარების შეფერხების. „



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



