ახალი ამბები

PSC შეშფოთებულია საქართველოში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ღობეების აღმართვის გამო

1 ოქტომბერი, 2013 • 1074
PSC შეშფოთებულია საქართველოში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ღობეების აღმართვის გამო

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი (PSC) საქართველოს 2013 წლის 29 სექტემბერიდან 1 ოქტომბერამდე სტუმრობდა. კომიტეტის წევრები შეხვდნენ პრეზიდენტ მეხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს, ასევე, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოებას.


კომიტეტის წარმომადგენლები ასევე ესტუმრენ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM).


პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლებმა მიულოცეს საქართველოს “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა” და მასში შემავალი “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის” (AA/DCFTA) თაობაზე მოლაპარაკებების დასრულება და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკავშირი მოწადინებულია, ხსენებული შეთანხმების პარაფირება მოხდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე ვილნიუსში.


კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ასოცირების შესახებ შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის” წევრობა “საბაჟო კავშირის” წევრობასთან შეუთავსებელია. ევროკავშირი პატივს სცემს პარტნიორების თავისუფალ, სუვერენულ და ავტონომიურ არჩევანს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის პარტნიორებზე გაუმართლებელი ზეწოლა მიუღებელია.


ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი (PSC) აერთიანებს 28 ელჩს ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან, ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოსა და ევროპული საგარეო სამსახურის წარმომადგენლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი