ახალი ამბები

ზაზა ხატიაშვილი: ხელისუფლებას სურს ტოტალური კონტროლი დაამყაროს მედიასაშუალებებზე

1 ოქტომბერი, 2013 •
ზაზა ხატიაშვილი: ხელისუფლებას სურს ტოტალური კონტროლი დაამყაროს მედიასაშუალებებზე

“ეს ცვლილებები პირდაპირ დაარტყამს იმ ტელეკომპანიებს და ბეჭდურ საშუალებებს, რომლებიც „ბიძინავიზიების“ თუ „ბიძინას“ გამოცემების რეპუტაციით არ სარგებლობენ. საკანონმდებლო ცვლილებები ჯარიმის თანხის ოდენობის გათვალსიწინებით პირდაპირ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია მოახრჩოს დამოუკიდებელი მაუწყებლობა საქართველოში”, – ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის წერილში, რომლითაც ის ჟურნალისტებს მიმართავს.


ხატიაშვილის თქმით, მედიის გაკონტროლების პირველი კონტურები დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან გამოჩნდა მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლიდან 15 დღეში საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყეს ფინანსური შემოწმება, რომელიც განხორციელდა ფინანსთა მინისტრის უშუალო ბრძანებით:


“აღნიშნულის საქმის კურსში რომ იყო ბატონი პრემიერი, დადასტურდა მის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხლემძღვანელის საპასუხო განცხადებების კრიტიკით. ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა ხადურმა ფინანსური შემოწმების დაწყებამდე განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო ფინანსური დარღვევები, რაც იყო პირდაპირი ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გავაპროტესტე ეს ფატი და აღვნიშნე, რომ პირადად არ მომწონს ის, რაც ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, მაგრამ ამგვარი ფორმით ზეწოლა იყო ევროკონვენციის დარღვევა, მაგრამ მაშინ მე არვინ მომისმინა. შედეგად მივიღეთ ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გადადგა. ევროსაბჭომ საქართველო დაადანაშაულა მედიაზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. რასაც მე ვამბობდი- გამართლდა, მაგრამ ხადურს ამის გამო პასუხი არავინ მოსთხოვა”, – აცხადებს ხატიაშვილი.


ზაზა ხატიაშვილი
ზაზა ხატიაშვილი

ხატიაშვილის თქმით, ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა “თავდასხმა განახორციელა” ადვოკატთა კორპუსზე:


 

“პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტისთვის მიემართა საკანონმდებლო ცვლილებით და მოწმედ დაბარებული პირები არ დაეკითხათ სასამართლოში და დაეკითხათ პოლიციაში (მაშინ, როდესაც პოლიციაში ნაწამები მამუკა მიქაუტაძე სულ რამოდენიმე დღის გადაცვლილი იყო), თუ პარლამენტი დაამტკიცებდა პრემიერის წინადადებას, პოლიციაში გაგრძელებოდა ჩვენი მოქალაქეების წამება”, – აცხადებს ხატიაშვილი. მისივე თქმით, ადვოკატების საპროტესტო აქციების და წინააღმდეგობის შედეგად აღარ მიეცა მთავრობას საშუალება, რომ განეხორციელებინათ ეს ცვლილებები.


“ივანიშვილის ხელისუფლებამ ესეც არ იკმარა და პრემიერს მოუნდა უნივერსიტეტის რექტორის დანიშვნა, როგორც ეს ხდებოდა ფეოდალურ სახელმწიფოებში. საპარლამენტო უმრავლესობიდან 12 დეპუტატის გარდა ხმა ვერავინ ამოიღო. ამაზეც წაუყრუა სამოქალაქო სექტორმა”, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.


მისი თქმით, ჟურნალისტები გაჩუმებულნი არიან ივანიშვილის პრესკონფერენციაზე, როდესაც პრემიერი მათ “ჭკუას არიგებს და საქმეებს ურჩევს”, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. როგორც ხატიაშვილი აცხადებს, ამას მოჰყვა პრემიერის მხრიდან პირდაპირ ეთერში ექსპერტების “დატუქსვა”: 


“არც ერთ ექსპერტს არ ეყო გამბედაობა და ვერავინ ვერ დატოვა შეხვედრა პროტესტის ნიშნად. ვერავინ ვერ უთხრა პრემიერს, რომ ევროკონვენციის თანახმად მას ჰქონდა თმენის ვალდებულება და იგი ვალდებულია ითმინოს კრიტიკა.


პრემიერ–მინისტრის მხრიდან ექსპერტების დატუქსვა პირდაპირ ეთერში კრიტიკული გამონათქვამების გამო და ჟურნალისტებზე ჭკუის სწავლება პრესკონფერენციების დროს მაფიქრებინებს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიცაიტივის უკან დგას ბატონი პრემიერი.


თუ ჟურნალისტებმა არ დაიწყეთ აქტიურობა, როგორც ეს გააკეთეთ ფოტორეპორტიორების საქმეზე, და ხელისუფელბა არ აიძულეთ უარი თქვას საქართველოს პარლამენტში შეტანილ განსახილველ კანონპროექტზე, რომლის თანახმად, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, საქართველოში დამყარდება საბჭოთა კგბ–ს დროინდელი დასჯის მეთოდები, რასაც გააკონტროლებს დაანონსებული „ენის ინსპექცია“, – ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის წერილში.


საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და სხვა ადვოკატები 2 ოქტომბერს, 12 საათზე, საქართველოს მთავრობის შენობის წინ გააპროტესტებენ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმად ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარებიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები:


“ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არ არის ავტოკრატიული რეჟიმი, როდესც მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც შემხებლობა აქვს მედიასაშუალებებთან, ხდება საჯარო განხილვები, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას სურს ტოტალური კონტროლი დაამყაროს მედიასაშუალებებზე”, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.


კანონპროექტის მიხედვით, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა – პირველ შემთხვევაში 1000- დან 5000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში- 10 000 ლარამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი