ახალი ამბები

პატიმრების წამების საკითხებზე ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდება

30 სექტემბერი, 2013 • 1583
პატიმრების წამების საკითხებზე ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდება

ახალი კოალიციური პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გარდა, საჯარო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრები დაესწრებიან, ხვალ, 1 ოქტომბერს გაიმართება. 

 

ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი ხუციშვილის განმარტებით, პროექტის მიზანია გამოიკვლიოს, რატომ იყო გავრცელებული ასეთი მასშტაბით წამება სასჯელაღსრულების დაწესებულებეში, რა ადგილებში გამოიყენებოდა ის, რა ეტაპებზე და ა.შ. 

 

“ერთი მხრივ, ეს არის შესაძლებლობა სრულყოფილი ანალიზის, მეორე მხრივ, შემუშავდება ის რეკომენდაციები, რომელიც შესაძლებელს გახდის მომავალში თავიდან იყოს აცილებული წამება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა უკვე მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ციხეებში გადაღებული წამების კადრები იხილა, თუმცა, იმისთვის, რომ ეს აღარ განმეორდეს, ამის სისტემური ანალიზი აქამდე არ გაკეთებულა,”- აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში ქეთი ხუციშვილი.

 

მისივე განმარტებით, კვლევა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. კვლევის პროცესში გამოიკითხავენ  1200 მსჯავრდებულს, რომელთაგან 600 ყოფილი პატიმარია.

 

კვლევის შედეგები 2014 წლის პირველ ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს და უპასუხოს ძირითად შეკითხვებს: რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებდა წამებას, რა მიზანი ჰქონდა წამების ფოტო- ვიდეო დოკუმენტირებას,   წამების რა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მეთოდები იყო ყველაზე ხშირად გამოყენებული, წამება ხდებოდა  გარკვეულ ციხეებში, თუ ქვეყნის სრული მასშტაბით, ხდებოდა ეს ციხის ადმინისტრაციის კონკრეტული ჯგუფის ფარგლებში, თუ ეს იყო ოფიციალური პოლიტიკა.

 

კვლევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს, ასევე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განხორციელებულ ცვლილებებზეც.

 

კვლევის საფუძველზე საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს მთავრობას გადასცემენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ციხის მართვა და  როგორ უნდა “ავიცილოთ თავიდან მომავალში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა”.

 

კვლევის პროექტის პრეზენტაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეწვია ციხის საერთაშორისო რეფორმის დამაარსებელი და ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ვივიენ სტერნი, რომელიც კვლევის პროცესში იქნება ჩართული; პროფესორი ენდრიუ ქოილი, ციხის კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის მრჩეველი სასჯელაღსრულების საკითხებზე.

 

პატიმართა ახლობლები გლდანის ციხის მოქალაქეთა მისაღებში უყურებენ პატიმართა წამების ამსახველ ვიდეოებს. დაახლოებით 01:00 საათი, 20.09.2012
პატიმართა ახლობლები გლდანის ციხის მოქალაქეთა მისაღებში უყურებენ პატიმართა წამების ამსახველ ვიდეოებს. დაახლოებით 01:00 საათი, 20.09.2012

მასალების გადაბეჭდვის წესი