ახალი ამბები

მართლმსაჯულება ბავშვებისთვის

30 სექტემბერი, 2013 •
მართლმსაჯულება ბავშვებისთვის

შეხვედრა ახალ კონცეფციაზე – მართლმსაჯულება ბავშვებისთვის, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

 

ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ კონსულტაციაში ჩართული სხვა სამინისტროებიც, – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. 


როგორც პოლიტიკის დოკუმენტზე მომუშვეები აცხადებენ, ახალი კონცეფციის თანახმად, “საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ერთ–ერთი მთავარი სამიზნე უნდა იყოს ყველა ბავშვი, რომელიც “რაიმე შეხებაშია” კანონთან, მათ შორის კანონდამრღვევი, დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვები, აგრეთვე, ბავშვები, რომელნიც კავშირში არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან ან სამოქალაქო სამართალწარმოებასთან – განსხვავებით წინა სისტემისაგან, რომელიც მხოლოდ კანონთან “კონფლიქტში მყოფ” ბავშვებზე იყო ორიენტირებული.”     


“გადაისინჯოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადამინსიტრაციული კანონმდებლობა, რათა შემოწმდეს, თუ რამდენად შესაძლებელია ბავშვის უფლებების განმტკიცება საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად.” 
 

“განხორციელდეს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის სისტემაში მყოფი ბავშვების მიმართ სამართლებრივი მიდგომის ჰარმონიზაცია.” 

 

“სხვადასხვა სამინისტროს მასშტაბით რეფერირების პროცედურების და სახელმძღვანელო პრინციპების ჰარმონიზაციის მიზნით, მასწავლებლებისთვის, სკოლის მანდატურებისთვის, ჯანდაცვის სისტემის პერსონალისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, ბავშვზე ზრუნვის მომსახურების მიმწოდებლებისათვის, პოლიცილებისთვის და სხვა სპეციალისტებისთვის, რომელთაც ურთიერთობა აქვთ ბავშვებთან, შემუშავდეს და გავრცელდეს ბავშვთა დაცვისა და მიმართვიანობის სახელმძღვანელო პრინციპები და განხორციელდეს მონიტორინგი მათ შესრულებაზე.” 

 

“ტრენინგები ძალადობის იდენტიფიკაციაზე, მიმართვიანობის პროცედურებსა და ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის მეთოდებზე უნდა გახდეს ოფიციალური სასწავლო პროგრამების სავალდებულო ნაწილი ყველა შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში.”


ეს არის იმ რეკომენაციების მცირე ნაწილი, რომელიც პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით სახელმწიფო სტრუქტურებისთვის შემუშავდა.

 

გაეროს ბავშვთა ფონდში , იუნისეფში განმარტავენ, რომ “ახალი კონცეფცია, ასევე, მიზნად ისახავს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას სისხლის სამართლის სისტემასა და სოციალური დაცვისა და ბავშვთა კეთილდღეობის სისტემებთან საქართველოში.”

 

„იუნისეფი ხელს უწყობს ბავშვთა დაცვის სიტემის ყველა რგოლის, მათ შორის სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერებას იმისთვის, რომ დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები,“ აღნიშნავს საშა გრაუმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ, რომ თავისუფლების აღკვეთა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ბავშვები დაცულნი იყვნენ ძალადობის, შეურაცხყოფისა და ესქპლუატაციისგან. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან სამართლის სისტემის რეფორმის ფარგლებში, რათა იგი ორიენტირებული იყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციაზე. ამ მხრივ ბევრს მივაღწიეთ. მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილ არასრულწლოვანს ახლა ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს, მიიღოს სათანადო მხარდაჭერა და რეაბილიტაცია, ვიდრე წლების წინ. მაგრამ ახლა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ და დახმარება გავუწიოთ ყველა ბავშვს, ვინც შეხებაშია მართლმსაჯულებასთან, იქნება ეს სავარაუდო კანონდამრღვევი, მსხვერპლი თუ მოწმე, და როგორც არასისხლის სამართლის  სამართალწარმოების მხარეს, ბავშვს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ისეთ მართლმსაჯულების სისტემაზე,  რომელიც უკეთ მოემსახურება და დაიცავს მას შესაბამისი საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების გამოყენებით,“- ამბობს უინისეფის წარმომადგენელი საქართველოში, საშა გრაუმანი.  

 

პოლიტიკის შესამუშავებელი საკონსულტაციო შეხვედრის მიზანია მომდევნო ნაბიჯების განსაზღვრა ახალი კონცეფციის შემდგომი ინტეგრაციისათვის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში.  

 

„დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, განვიხილეთ კონკრეტული სტრატეგია და გეგმა, რომელთა შესრულებასაც შეუდგებიან მონაწილე ორგანიზაციები და უწყებები და, რაც მთავარია, გადაწყდა, რომ შემდგომი საქმიანობის ორგანიზებას სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში არსებული სპეციალური ჯგუფი − „არასრულწლოვანთა  მართლმსაჯულებისთვის“  გაუწევს. ამ საკოორდინაციო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, ხოლო სამდივნოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოადგენს,”- აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე.

 

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო მზად არის, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომელიც წამყვანი რგოლი იქნება პროგრამის −  „მართლმსაჯულება ბავშვებისთვის“ განხორციელების გზაზე, გამოყოს სხვადასხვა მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, მაგალითისთვის, ყვარლის სასწავლო ცენტრი შეხვედრებისთვის, ტრენინგებისთვის და ა.შ. 

 

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბავშვის უფლებების სფეროში რეფორმების ინიცირების მიზნით.

 

“არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სექტორის უფრო ფართო რეფორმის ფარგლებში, წარმოაჩენს მთავრობის მისწრაფებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა მიუსადაგოს ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს. შედეგად, ქვეყანაში ფუნქციონირებს განრიდების პროგრამა არასრულწლოვანთათვის, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს დანაშაული. აღნიშნული პროგრამა მოქმედებს 2010 წლიდან და მის ფარგლებში 200–ზე მეტი არასრულწლოვნია განრიდებული ფორმალური მართლმსაჯულების სისტემიდან. 50%-ზე მეტით – 180–დან დაახლოებით 70-მდე – შემცირდა იმ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რაოდენობა, რომლებიც საპატიმრო სასჯელს იხდიან. ამასთან, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პარალელურად, როგორც პრობაციის, ისე სასჯელაღსრულების სისტემაში, დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მიდგომაც; ინიცირებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კანონმდებლობა.”  

მასალების გადაბეჭდვის წესი