როგორც “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართული მარშის” წევრმა კონსტანტინე მორგოშიამ ნეტგაზეთს განუცხადა, ის ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე, კონკრეტულად ახალგორში იმყოფებოდა, სადაც, როგორც თავად ამბობს, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად ორი დაკავებული პირის გადმოცემის საკითხი განიხილა.
მორგოშია არ ასახელებს იმ თანამდებობის პირებს, ვისაც ახალგორში შეხვდა. როგორც ის ამბობს, ორ გათავისუფლებულ პირს ახალგორში უახლოეს დღეებში დაუბრუნებენ საბუთებს და ისინი შეძლებენ ტერიტორიის დატოვებას.
საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.
ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი გაათავისუფლეს, თუმცა მათ ეკრძალებათ ახალგორის ტერიტორიის დატოვება.