პრემიერის თქმით, შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელსაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა და რომელიც შეაჩერა ახალმა მთავრობამ, 25%-ით ამცირებდა საქართველოს რკინიგზის გამტარიანობას. ამას გარდა, პრემიერი ამბობს, რომ მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს, წელიწადში 100 მილიონ ტონას უნდა მიაღწიოს საქართველოს რკინიგზის გამტარიანობამ.
“დღეს მე მოვისმინე პრემიერის განცხადება, რომელიც საუბრობს, რომ თითქოს 2.5 მილიონამდე დავიდა 8 ტონიდან ნავთობპროდუქტების გადაზიდვა, შემდეგ საუბრობს ის, რომ გაისად 5 მილიონი იქნება და 16 მილიონ ტონამდე აჰყავს და ბოლოს საერთოდ ფანტასმაგორიულ ციფრს ასახელებს, 100 მილიონ ტონამდე. მე არ ვიცი, ვინ აძლევს ასეთ ციფრებს, ეს არის აბსოლუტური ნონსენსი, 100 მილიონ ტონამდე საქართველოს რკინიგზის გადაზიდვა ვერასდროს ვერ ავა, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი 5-6 წლის განმავლობაში.
ასევე, პრემიერის განცხადებით, 25%-ით შემცირდება თითქოს რკინიგზის გამტარუნარიანობა, თუ რკინიგზის შემოვლითი გზა გაკეთდება, ესეც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებაა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს რკინიგზა არ არის მარტო ეს თბილისის მონაკვეთი, საქართველოს რკინიგზა არის მთელ საქართველოს საზღვარზე გაწელილი რკინიგზა და მთავარი პრობლემა არის რიკოთი. რიკოთის მაქსიმალური გამტარუნარიანობა დღეს არის 27 მილიონი ტონა, შესაბამისად, ჩვენ აქ რაც არ უნდა გავაკეთოთ, 27 მილიონ ტონაზე მეტს ამჟამინდელი რკინიგზა ვერ გადაზიდავს რიკოთის გამო და ამის საპრევენციო ღონისძიებები წინა მთავრობას რკინიგზაში დაწყებული ჰქონდა, მაგრამ საერთოდ რა 100 მილიონ, რა 5 მილიონ გადაზიდვებზე ვსაუბრობთ?!” – განაცხადა გიგი უგულავამ.
იგი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ერთობლივად გააკეთონ ამ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ურბანისტები, რკინიგზის წარმომადგენლები, ეკონომისტები, ფინანსისტები, ეკოლოგები, რკინიგზის გარშემო მაცხოვრებელი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფი, რათა მუშა რეჟიმში განიხილონ ის საკითხები, რაც რკინიგზის გადატანასთან არის დაკავშირებული:
“ჩავატაროთ საერთაშორისო კონფერენცია, მოვიწვიოთ ყველა სპეციალისტი, და წყალში ნუ ჩავყრით იმდენ გაკეთებულ საქმეს, რაც არის გაკეთებული. აი, ეს არის ჩემი თხოვნა. არ უნდა ამას პოლიტიზირება. ხომ დავინახეთ იგივე პორტზე – ერთმანეთს ვესროლეთ ტალახი და, საბოლოო ჯამში, შევჯერდით, რომ საქართველოს ჭირდება პორტი, ასევე ჭირდება თბილისს განვითარებისთვის ის გამოთავისუფლებული ტერიტორია და არანაირ გამტარუნარიანობას არ შეამცირებს ეს რკინიგზისას, უბრალოდ, დავსხდეთ, გადავდოთ ემოციები და დავილაპარაკოთ ამაზე სერიოზულად, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე”, – განაცხადა თბილისის მერმა.




