ახალი ამბები

დეკრეტული შვებულების ვადა და ანაზღაურება გაიზარდა

27 სექტემბერი, 2013 •
დეკრეტული შვებულების ვადა და ანაზღაურება გაიზარდა

პარლამენტმა “საქართველოს შრომის კოდექსში” და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას მესამე და საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი და კანონპროექტში ჩადებული ნორმა 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

 

აღნიშნულ ცვლილებებს  წინააღმდეგობა საპარლამეტნო უმცირესობიდან წინააღმდეგობა გია ბარამიძემ გაუწია. ბარამიძე მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტის დამტკიცებამ შესაძლოა ახალგაზრდების დასაქმების საკითხს სერიოზული პრობლემები შეუქმნას:

 

“რომ გადახედოთ ანალოგიურ კანონპროექტებს პორტუგალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, იქ მსგავსმა კანონპროექტებმა გამოიწვია სწორედ ახალგაზრდების უმუშევრობა, იმიტომ, რომ მერე დამსაქმებლები ამ კანონმდებლობის გამო ცდილობდნენ აეყვანათ ისეთი თანამშრომლები, რომლებსაც უკვე ყავთ შვილები და ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ასე ვთქვათ, მიტოვებული იქნა იმის გამო, რომ დამსაქმებელმა განსაზღვრა, რა ხარჯი დაუჯდება, ელემენტალური ამბავია, დაითვლის. და ამან გმაოიწვია ძალიან ბევრი ახალგაზრდის უმუშევრობა და ახალგაზრდული უმუშევრობა გაიზარდა კატასტროფულად. ზოგიერთ ამ ქვეყანაში მიაღწია 50%-ს. დღეს მე ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, რომ ამ კეთილი სურვილებით შეიძლება მოკირწყლო გზა იმ ჯოჯოხეთისკენ, რასაც ჰქვია ნაცვლად სიკეთისა ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული უმუშევრობა. როცა უმუშევარი ხარ, ხომ აღარაფრის საშუალება არ გაქვს. სურვილი კარგია, მაგრამ ეს რას იწვევს საბოლოოდ, ეს უნდა გავაანალიზოთ. “

 

ბარამიძე ვარაუდობს, რომ ეს ცვლილება ინვესტიციებზეც იმოქმედებს:

“ეს სამუშაო ადგილებს შეამცირებს და ინვესიტიციების კუთხითაც, შესაძლოა. იმიტომ, რომ ეს ერთგვარი დამატებითი ტვირთია კერძო ბიზნესისთვის და თუ დამატებითი ტვირთს ქმნი, შესაბამისად, თუ ვიღაცა ფიქრობდა მოსულიყო და ყოყმანობდა, რომ იტყვიან, ბეწვზე იყო, მიეღო გადაწყვეტილება შემოსულიყო, თუ არადა – ინვესტიცია განეხორციელებინა, იმისთვის უკვე ეს არგუმენტი იქნება, რომ აღარ შემოვიდეს. ვისაც რაღაც უფრო დიდი მოტივაცია აქვს, ის შეიძლება არ შეაჩეროს, მაგრამ ჩვენნაირ ქვეყანაში, რომ იტყვიან, ყოველ 100 მილიონს თუ არა, 50-ს და 10-ს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.”

 

ბარამიძის განმარტებით, რახან მას მთავრობის წარმომადგენელმა უთხრა, რომ ეს ყველაფერი გათვლილია, მან კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

 

კითხვაზე, დამსაქმებელს კადრის აყვანისას ხომ შეუძლია კონტრაქტში ჩაწეროს, რომ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში არ დაქორწინდეს და/ამ ბავშვი არ გააჩინოს, ბარამიძე პასუხობს:

 

“ჰოდა, ესეც შეიძლება იყოს გამოყენებული და ეს ცუდია. ეს სხვანაირ პროცესებს წარმოშობს. ანუ იდეა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგია, რომ დაეხმარო, მაგრამ თუ შენ ამას კანონმდებლობაში ასეთი ფორმით ჩადებ, შეიძლება ეს ბიზნესმენებმა თავისებურად, რომ იტყვიან, მოაკვარახჭინონ და შედეგად მივიღოთ სულ სხვა ნეგატიური პროცესები.”

კითხვაზე, თუ რა სხვანაირ პროცესებს წარმოშობს ოჯახური მდგომარეობასთან დაკავშირებული გეგმების კონტრაქტით განსაზღვრა, ბარამიძე პასუხობს:

“მერე ეგ უარესად… ამის მიზანი ის არის, რომ ბავშვი გააჩინოს და მთლად პირდაპირ, ასე ვთქვათ, გამოიწვევს დავალდებულებას, გამიგეთ? ამას გეუბნებით.”

 

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის ინიციატორი დიმიტრი ხუნდაძე გია ბარამიძის არგუმენტებს სისულელეს უწოდებს:

 

“ნაციონალური მოძრაობის წევრებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ ამ კანონის მიღებამ შეიძლება სამუშაო ადგილები შეამციროს და ინვესტორებმა შეწყვიტონ შემოსვლა და, ეს რა თქმა უნდა, სისულელეა, იმიტომ, რომ სამუშაო ადგილებს თავისუფალი ბიზნესი ქმნის და თავისუფალი ბიზნესის ცნება მათ ხელში პრაქტიკულად არ იყო. დეკრეტული შვებულებების ვადის გაზრდა და შესაბამისი შემწეობის ზრდა ხელს არ შეუშლის ინვესტორების შემოსვლას. თუ ასე დავაყენებთ საკითხს, მაშინ დავაცილოთ მშობლებს შვილები და ინვესტორები უფრო მძლავრად შემოვლენ ჩვენს ქვეყანაში. ცხადია, ეს ასე არ არის. “

 

მისივე მტკიცებით, საპარლამენტო უმცირესობამ განაცხადა, რომ კანონს მხარს უჭერს, თუმცა კენჭისყრისას ხმა არ მისცეს.

 

ცვლილებების მიხედვით, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 477 დღიდან 730 დღემდე იზრდება. ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადი ხდება 183 დღე, ნაცვლად 126 დღისა, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში, 200 კალენდარული დღე, ნაცვლად 140 დღისა. 

 

მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული დახმარება განსაზღვრულია არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით. თუმცა, მოცემული საკანონმდებლო ცვლილებებით, ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი თანხა შეადგენს არაუმეტეს 1000 ლარს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი