ახალი ამბები

მივესალმებით, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე – წულუკიანი

6 მარტი, 2018 • 2645
მივესალმებით, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ თავშესაფრის მოთხოვნის საკითხს გამოეხმაურა.

“მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობს ამის საფუძველი. ჩვენ ყველას გვევალება დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის ის, რაც არის ისტორიული შედეგი, რასაც  თითოეულმა ჩვენგანმა ერთად მივაღწიეთ. ეს არის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა,”-განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს, 6 მარტს.


გერმანია არსებული სამართლებრივი ჩარჩოების გამოყენებით რამდენიმე წლით აუკრძალავს შენგენის ზონაში შესვლას იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობი მატება იწვევს გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდ შეშფოთებას.

საელჩოს განცხადებაში აღნიშულია, რომ რამდენიმე თვეა საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რიცხვი იყენებს უვიზო რეჟიმს იმისათვის, რომ მოითხოვოს გერმანიაში თავშესაფარი, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა თავშესაფრის მიღებაზე უარს იღებს.

“აუცილებელია, არსებულ ტენდენციაში მოხდეს სწრაფი და მდგრადი ცვლილებები, რათა გამყარდეს 2017 წლის მარტში ძალაში შესული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის”, – წერია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის დაწესებამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა: მხოლოდ იანვარში საქართველოს შვიდასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ასევე ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი