კვირიკაშვილი: 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ვემზადებით

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  2030 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების საქართველოში ჩატარებისთვის მთავრობა ნაბიჯ-ნაბიჯ მოემზადება.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ლოზანაში ვიზიტისას, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, თომას ბახს შეხვდა და მასთან ერთად განიხილა 2030 წელს საქართველოში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივა.

პრემიერის ცნობით, დღეს საქართველოში ჩამოვიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მთის კურორტების დღევანდელ მდგომარეობას შეაფასებს, დადებს სურათს, თუ რა მიმართულებებით გვინდა განვითარება და ამ შეფასებაზე დაყრდნობით, მთავრობა შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას.

„2030 წელს საქართველოში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის ჩატარება არის უდიდესი პერსპექტივა მთელი ქვეყნისთვის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებს სამთო-სათხილამურო კურორტებს და დაიდება იმ მიმართულებების ანალიზი, სადაც ჩვენ გვმართებს მეტი ყურადღების კონცენტრირება, მეტი რესურსის დახარჯვა,“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com