მანამდე კი შეკრებილებს პური დაურიგეს და განუცხადეს, რომ ნაკურთხია. პური ძირითადად სამხედროებს და ჟურნალისტებს შეხვდათ, რადგანაც წინა რიგებში სწორედ ისინი იმყოფებოდნენ. პური, რომელიც დაარიგეს, ფუნთუშეულის საწარმო “პურმა” გამოაცხო.
რელიგიური წესის მიხედვით, ეკლესიაში ზიარებისათვის განკუთვნილია ლიტურგიული პური, რომელსაც სეფისკვერი ეწოდება. ზიარებისას სეფისკვერის ჭამა და ღვინის შესმა განასახიერებს ქრისტეს ხორცთან და სისხლთან მორწმუნის სიმბოლურ შერწყმას. თუმცა სამების წარმომადგენელმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ დიდი რელიგიური დღესასწაულების დროს პატრიარქი აკურთხებს ჩვეულებრივ პურს, რომელსაც შემდეგ არიგებენ.
დღეს გმირთა მოედნიდან მსვლელიბა მოაწყვეს სამებისკენ მართლამდიდებელი ეკლესიის მრევლმა, ჯარისკაცებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ და სხვებმა. სამების ტაძრის ეზოში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე დახვდა.
მსვლელობის მონაწილეებმა სამებაში მიიტანეს ხატი, რომესაც “ყოველთა მწუხარეთა სიხარულს” უწოდებენ და რომელიც, პატრიარქის კურთხევით, აფხაზთა და ქართველთა შერიგებისათვის შეიქმნა.




