თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით, ღონისძიებები 4 ოქტომბერს, 20:30 საათზე ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში დაიწყება, სადაც ახალბედა მუსიკალური ბენდების კონკურსი გაიმართება.
ძირითადი ღონისძიებები დედაქალაქში კი 5 და 6 ოქტომბერს იქნება.
5 და 6 ოქტომბერს ღონისძიებები დღის 12 საათზე დაიწყება. დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა, მეიდანზე ღვინის დაწურვა, აბანოთუბანში ბავშვებისთვის თეატრალური მუსიკალური წარმოდგენა და ქორეოგრაფიულ ანსამბლთა კონცერტები, ნარდისა და ჭადრაკის სამოყვარულო ტურნირები, ხილის ფესტივალი შარდენზე და მის მიმდებარე ქუჩებზე, შშმ პირთა შემოქმედების წარდგენა, თბილისის მუნიციპალური სახლ-მუზეუმების თემატური ექსპოზიციები, ავტოშოუ, ბაიდარების მსვლელობა მტკვარზე, სამეცნიერო პიკნიკი და ა.შ. ღონისძიებებს 6 ოქტომბერს, 21:30 საათზე მშვიდობის ხიდზე მოძრაობის თეატრის საჰაერო შოუ დაასრულებს.