ახალი ამბები

IDFI–მ საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ საქმე მოიგო

26 სექტემბერი, 2013 • 1257
IDFI–მ საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ საქმე მოიგო

როგორც IDFI-ს ხელმძღვანელი ლევან ავალიშვილი აცხადებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციას გარკვეული სტატისტიკური ინფორმაცია არ მიაწოდა, რის გამოც მათ სასამართლოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს:

“ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია, რამდენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა სასამართლომ მიყურადება–მოსმენაზე, რამდენი არ დააკმაყოფილა, რამდენი დააკმაყოფილა პოსტ–ფაქტუმ, ეს ინფორმაცია მოვითხოვეთ, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ დეკემბერში, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ, ამიტომ შევიტანეთ სარჩელი სასამართლოს წინააღმდეგ და სადღაც იანვრიდან ეს პროცესი მიმდინარეობდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაინიშნა სხდომა და მოსამართლე ნინო ონიანმა გამოიტანა ჩვენი გამამართლებელი განაჩენი. გაგვიკვირდა, მაგრამ მან სასამართლო გაამტყუნა და დაავალდებულა, რომ გასცენ ეს ინფორმაცია”, – აცხადებს ავალიშვილი. მისი თქმით, ინფორმაციის მიწოდება საქალაქო სასამართლოს ერთი თვის ვადაში დაევალა:

“ჩვენ ვითხოვდით ახალი ხელისუფლების პირობებში მოსმენების სტატისტიკას ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ახლა ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის, უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც სასამართლომ გამოიტანა, და რომელიც გარკვეულწილად პრეცედენტულია. ახლა თუ სხვაც მოითხოვს ასეთ ინფორმაციას და არ მისცემენ, ფაქტიურად, თავის თავს შეეწინააღმდეგებიან”

ლევან ავალიშვილის თქმით, მიუხედავად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი ასეთი გადაწყვეტილებისა, მსგავსი სარჩელი არ დააკმაყოფილა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი