„თვალი შევავლე გამოსვლის სტენოგრამას და, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი გამოსვლა იყო. ჩემი ყურადღება ორმა საკითხმა მიიპყრო. პირველი, ესაა პრეზიდენტის შეშფოთება ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მავთულხლართების გაბმის მიმდინარე პროცესით. ეს ის საკითხია, რომლის შესახებაც ბოლო დღეებში ვისაუბრე. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ჩვენს პოზიციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ვიმედოვნებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებებისას მოიძებნება გამოსავალი იმისთვის, რომ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ხელოვნური ბარიერები არ შეიქმნას.
მეორე საკითხი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის გამოსვლაში, გახლავთ ის, რომ, თუ შენიშნეთ, გამოსვლის ბოლოს პრეზიდენტმა გააკეთა კომენტარი იმ შეცდომების შესახებ, რომელიც მისი მმართველობის დროს იქნა დაშვებული. აგრეთვე, პრეზიდენტმა დაშვებული შეცდომების გამო მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და იმ ადამიანების გამო გამოთქვა წუხილი, რომლებიც მისი მთავრობის ქმედებებით დაზარალდნენ. ჩვენი შეფასებით ეს იყო გამორჩეული განცხადება, რომელიც ქვეყნის ლიდერს შეეძლო გაეკეთებინა”, – აცხადებს რიჩარდ ნორლანდი.

ელჩის თქმით, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი მიიჩნევს თავს დაზარალებულად:
“თომას ჰამარბერგმა უკანასკნელ მოხსენებაში თქვა, რომ მნიშვნელოვანია პროცესების იმგვარად წამართვა, რომ თუკი ადამიანები თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, მათ თავიანთი უფლებების დაცვის საშუალება მიეცეთ. ამავე დროს, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევის წინაშე დგას. საჭიროა ქვეყნის გაერთიანება და ყურადღების მომავალზე გადატანა. მნიშვნელოვანია საჭირო ბალანსის პოვნა წარსულზე ფიქრსა და მომავალზე ფიქრს შორის.
რელიგიურ კონფესიათა ლიდერებთან დისკუსიისას, აგრეთვე, პატრიარქთან ჩემი დისკუსიის დროს, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ქართულ რელიგიურ ტრადიციებს შორის ძლიერია მიტევების ტრადიცია. ახლა შესაძლოა სწორედ ის დროა, როცა ეს ტრადიცია უნდა წარმოვაჩინოთ.
დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოში კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს მხარდაჭერას, რათა ხალხის თვალში მართლმსაჯულება აღსრულდეს”, – განაცხადა ნორლანდმა.




